
მსოფლიოს მასთაბით ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია - ტერორიზმს 32,6 ათასი ადამიანი შეეწირა.
მონაცემები „2015 წლის ტერორიზმის გლობალური რეიტინგიდანაა“ მოყვანილი, რომელიც სამშაბათს ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა ლონდონში გამოაქვეყნა. ანალიზი მსოფლიოს 162 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, სადაც პლანეტის მოსახლეობის 99,6% ცხოვრობს.
ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი ცხრაჯერ მეტია, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში იყო. 2000 წელს ტერორს 3.329 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემების მიხედვით, ტერორიზმის უმაღლესი დონის საშიშროება ხუთ ქვეყანაშია კონცენტრირებული: ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთში, პაკისტანსა და სირიაში. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო ტერორის მსხვერპლთა 78% 2014 წელს. საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ინდოეთი, იემენი, სომალი, ლიბია და ტაილანდი.
რაც შეეხება ყველაზე საშიშ ტერორისტულ დაჯგუფებებს, 2014 წელს ყველაზე მეტი - 6.644 ადამიანი „ბოკო ჰარამის“ ბოევიკთა ხელით დაიღუპა, რაც 2013 წელთან შედარებით 317%-ით მეტია.
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების სინდისზე 6.073 ადამიანის სიკვდილია - ტერაქტებისას დაღუპულთა რიცხვი სწორედ ამდენია, თუმცა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ სწორედ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი, მინიმუმ, 20.000 ადამიანის სიკვდილზე, რომლებიც ერაყსა და სირიაში ამ დაჯგუფების მონაწილეობით წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპნენ.