
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გავლენიანი Washington Post-ი. გაზეთმა სარედაქციო წერილი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "მთავრობის მიერ პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება".
სტატიაში საუბარია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა გასცდა დემოკრატიული ნორმების ზღვარს, რადგან ახალი მთავრობა პოპულისტი მილიარდერის ხელმძღვანელობით არჩევნებში დამარცხებულთა დასჯას და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობას შეეცადა.
ავტორები წერენ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პარტიასთან ასოცირებული ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და დააყადაღა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის ანგარიშები.
სტატიის თანახმად ხელისუფლება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავასთან კავშირს უარყოფს, რასაც არ ეთანხმება პოლიტიკურ აქტივისტთაა უმრავლესობა, მათ სკეპტიციზმს კი ამყარებს ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, სადაც მან ტელეარხს ოპოზიციური პარტიის პროპაგანდისტული მანქანა უწოდა.
ავტორთა შეფასებით პრემიერი უფრო შორს წავიდა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივ ორგანიზაციად მოიხსენია. Washington Post-ი წერს, რომ ხელისუფლების მხრიდან აგრესია გასაგებია, ვინაიდან ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში სამთავრობო პარტიის რეიტინგი 60 პროცენტიდან 14 პროცენტამდე დაეცა.
ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ საქმეში ჩაერთვნენ დასავლეთი და საერთშორისო ორგანიზაციები. სტატიაში მოყვანილია ციტატები სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლებიშიც აქცენტი გაკეთებულია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.