ჩეხეთში მოძრაობა Ztohoven-ის აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე საკითხში ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ, პრაღაში მდებარე პრეზიდენტის სასახლის თავზე აღმართული ეროვნული დროშა ჩამოხსნეს და მის ნაცვლად გიგანტური წითელი ტრუსი აღმართეს, განაცხადეს რა, რომ ბოლოს და ბოლოს, სასახლეზე აღმართულია იმ კაცის სიმბოლო, რომელსაც არაფრის რცხვენია.
სწორედ ასე აფასებენ აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ჩვეულებრივ სკოლებში არ უნდა ისწავლონ, ასევე გმობენ პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში, რომელმაც ჩინეთის არმიას პატივი მიაგო მაშინ როცა ამ არმიამ სისხლში ჩაახშო სტუდენტთა გამოსვლების ტიანანმენის მოედანზე.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლა ახალგაზრდა აქტივისტებმა ორიგინალურად მოახერხეს: ისინი იქ მილების მწმენდავებად გადაცმული გამოცხადდნენ და მათი გაწმენდის ნებაც მიიღეს.
აქტივისტთა ქმედებას აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც განაცხადეს, რომ ახალგაზრდების საქციელი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოსა და ჩეხეთის პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა.