
„მე ვარ ვალერა“ - წარწერა ფრანგულად („მე ვარ ჩარლის“ ანალოგი) და „ვალერი პერმიაკოვი სინდისის პატიმარია“ - ეს პლაკატი და შეფასება პროკრემლისტურ გვერდ „ანტიმაიდანზე“ გაჩნდა, რამაც არამარტო სომეხი ეროვნების პირების აღშფოთება გამოიწვია.
ბორის ნემცოვი „ფეისბუქზე“ წერს, რომ აცხადებს რა პერმიაკოვს „სინდისის პატიმრად“, „ანტიმაიდანი“ რუსეთისადმი მტრულ განწყობას აღვივებს იმ სომეხი ეროვნების მოქალაქეებშიც კი, რომლებიც რუსეთის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი.
ამავე დროს, ნემცოვი ხაზს უსვამს, რომ არსებობს ჯერ კიდევ 1997 წელს დადებული შეთანხმება სომხურ და რუსულ მხარეებს შორის, სადაც, მე-4 მუხლში, ცალსახადაა ნათქვამი: სომხეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ბაზის წარმომადგენელი უნდა გასამართლდეს სომხეთში, სომხური კანონმდებლობის მიხედვით.
შეგახსენებთ, რუსული მხარე ამ დრომდე უარს ამბობს ვალერი პერმიაკოვის სომხური მართლმსაჯულებისთვის გადაცემაზე, აცხადებს რა, რომ მან პირველი დანაშაული ბაზის ტერიტორიაზე ჩაიდინა, როცა პოსტი თვითნებურად დატოვა და ცეცხლსასროლი იარაღი მიითვისა. ამ თეორიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან გიუმრის მცხოვრებლები, რომლებიც პერმიაკოვის სომხეთში გასამართლების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ.