
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მომხდარი დანაშაულის შესახებ ქვეყნის ახლანდელი მთავრობის სახელზე შესული 20 ათასი საჩივრის გამოძიება შერჩევითი სამართლის ეჭვებს ბადებს
– ამის შესახებ Human Rights Watch–ის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც ასევე, აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაასამართლა ყოფილი ხელისუფლების 35 მაღალჩინოსანი, რომელთაგან 15 საპატიმროშია, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებას არ განუმარტავს, რა კრიტერიუმებით დაიწყო ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება.
„პროკურორებმა 6 ათასზე მეტი ადამიანი დაკითხეს ამ საქმეების გამოძიების პროცესში და მათ შორის, ძირითადად, სააკაშვილის პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან.
ანგარიშში ასევე, ნათქვამია, რომ „პოლიციამ არაადეკვატური რეაგირება მოახდინა რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ გამოჩენილ ძალადობაზე. 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ზოგიერთ სოფელში მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა მუსლიმთა მიერ რელიგიური მსახურების აღსრულებას“.
Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა გასულ წელს, ჰომოფობიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილი აგრესია:
„დემონსტრანტებს ათასობით კონტრდემონსტრანტი, მათ შორის ეკლესიის მღვდლები, ძალადობრივად გაუსწორდა. პოლიციამ მოახდინა ლგბტ აქტივისტების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, მაგრამ მათ ვერ შეაჩერეს ანტი-ლგბტ დემონსტრანტები, რომლებიც თავს დაესხნენ აქტივისტთა ავტობუსებს და ქვები და სხვა საგნები დაუშინეს მათ", – წერია განცხადებაში.