
თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი, "რეფორმატორთა კლუბის" დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და რომ ქვეყნის ეკონომიკას ის ხალხი მართავს, რომლებსაც მაკროეკონომიკა არ ესმით.
დიმიტრი შაშკინი წერს:
მე განათლებით იურისტი ვარ და ბუნებრივია, ვსწავლობდი ეკონომიკას, მაგრამ ასევე გავლილი მაქვს აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის და მენეჯმენტის კურსი, სადაც მაკროეკონომიკის პრინციპებს მსოფლიოს საუკეთესო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები მასწავლიდნენ.
ამას დასაწყისშივე იმიტომ ვამბობ, რომ არავის გაუჩნდეს კითხვა, რატომ ვაძლევ თავს უფლებას, ვისაუბრო საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და პრობლემებზე. ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანი არ დარჩა, რომელმაც არ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერდა. ისმის სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ვერ ხედავს ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს:
საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიაზე მუშაობენ მიკროეკონომისტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ ასხვავებენ მაკრო და მიკრო ეკონომიკას, ისინი აიგივებენ მაკროეკონომიკას პოლიტეკონომიკასთან და ამით ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას. მათ არ ესმით რატომ არის სახელმწიფო ბიუჯეტის აუთვისებლობა დამღუპველი ეკონომიკისთვის, მათ არ ესმით რატომ უნდა წაახალისოს სახელმწიფომ ბიზნესი, მათ არ ესმით მთავრობამ რატომ უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები.
მაკროეკონომიკის ცნობილ ფორმულაში Y=C+I+G+Xn=C+S+T, “G” არის სახელმწიფო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფო ინვესტიციების გარეშე ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მე არ მინდა, დაგღალოთ ეკონომიკური ფორმულებით და სულ რამდენიმე მაგალითის საშუალებით ვეცდები გაჩვენოთ რა პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ ამ მთავრობას არ ესმის მაკროეკონომიკის ფუნქციონირების პრინციპები და ქვეყანას უყურებს მიკროეკონომიკის ჭრილში.
2014 წლის ბიუჯეტის აუთვისებლობამ უკვე გადააჭარბა 600 000 000 ლარს. ერთადერთი პუნქტი, რაშიც ბიუჯეტის 100% ათვისება ხდება ხელფასები და პრემიებია. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკას დააკლდა 600 მილიონი ლარი. ეს ასევე ნიშნავს, რომ თოვლის გუნდის ეფექტი ამოქმედდა ანუ მომავალ კვარტალში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება ამ 600 მილიონიდან გადახდილი გადასახადები, რაც დაახლოებით 150 მილიონია. ამას ემატება ის, რომ ბიზნესმა ვერ მიიღო შემოსავალი, შედეგად, ვერ შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ვერ მოახდინა რეინვესტირება ქართულ ეკონომიკაში.
მაგალითად, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის მხოლოდ 20% აითვისა, რაც ნიშნავს, რომ ხალხმა, რომელიც მშენებლობის სფეროში მუშაობს, ვერ მიიღო დამატებით 30 მილიონი ლარი ინვესტიცია მხოლოდ იმის გამო, რომ განათლების მინისტრს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება და კაბინეტიდან გამოსვლა. ასევე, ნათელია ახალი ტენდენცია, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების დროს პრიორიტეტს ანიჭებს უცხოურ კომპანიებს.
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ტენდერში გაიმარჯვა სომხურმა კომპანიამ და ერთი, ვიმეორებ, ერთი ლარით მოუგო ქართულ კომპანიას. ანუ, ბიუჯეტის ეკონომიამ 1 ლარი შეადგინა. ამავე დროს, იმის გამო, რომ სომხური კომპანია გადასახადებს ერევანში იხდის, ბიუჯეტს დააკლდა ამ ტენდერიდან 15 % მოგების გადასახადი. აგრეთვე, სომხური კომპანია, ბუნებრივია, დაასაქმებს ერევანში თავის მოქალაქეებს და არა საქართველოს მოქალაქეებს.
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ სააკაშვილის „ცუდი“ მთავრობა ფულს ხარჯავდა გზებზე, ხიდებზე, იუსტიციის სახლებზე, პარლამენტის და პრეზიდენტის სასახლეზე და რა ვქნათ ახლა? „ასფალტი ვჭამოთ“? მაკროეკონომიკის მთავარი მოთხოვნაა: სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. ამას აკეთებს აშშ-ც, საფრანგეთიც, გერმანიაც და ა.შ. სოციალური დანახარჯების ზრდა შეგიძლია მაშინ, როდესაც მაკროეკონომიკური პარამეტრები ზევით მიდის და ეკონომიკა ვითარდება. სხვა შემთხვევაში მიიღებ იმას, რაც ახლა საქართველოში გვაქვს: გაჩერებულ ეკონომიკას, ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საუბარი ხალხის დაკვეთაზე და თავისი შეცდომების პოპულიზმით გამართლება.
გავიდეთ ქუჩაში და ვიკითხოთ, იქნება თუ არა ხალხი თანახმა, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო და ოქროს რეზერვები დავურიგოთ მოსახლეობას. თითოეულ ადამიანს 2000 ლარი შეხვდება. დარწმუნებული ვარ, 90% იტყვის, რომ დავარიგოთ, ეს არ იქნება ხალხის დაკვეთა? ამის მერე რა დარჩება ჩვენი სახელმწიფოსგან ხომ გესმით?! და კიდევ ერთი, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ააშენებდა 100 ახალ საწარმოს. ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ თვით დაპირება იყო საზოგადოების მიერ აღქმული, როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის ხსნა, რაც აბსოლუტურად მცდარი აზრია.
მსოფლიო გამოცდილებით, საშუალო საწარმოში დასაქმებულია 50-100 ადამიანი. თანამედროვე პირობებში, როდესაც საწარმოს რობოტიზაციამ თავის პიკს მიაღწია, ისეთი ქარხნები, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ფეროშენადნობთა ქარხანა ან აზოტი შეადგენს საწარმოთა უმცირესობას და არა უმრავლესობას. ანუ, ეს პროგრამა რომც შესრულებულიყო, ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ახალმა მთავრობამ ოფიციალური სტატისტიკით მოსპო იმის გამო, რომ ჰგონიათ, პოლიტეკონომიკა და მაკროეკონომიკა ერთი და იგივეა."