
გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და ახლობლები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ცდილობენ, უკანასკნელი თავშესაფარი, ანუ საფლავი ისე მოაწყონ გარდაცვლილისთვის, რომ ჭირისუფლისთვის იქ მისვლა მოსახერხებელი იყოს, ამავე დროს, საფლავი გარდაცვლილზეც ამბობდეს რამეს მათთვის, ვინც მას არ იცნობდა.
სსრ კავშირის დროს როგორც საქართველოში, ასვე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ერთგვარ მოდად იქცა საფლავებით თავის გამოჩენა. გაჩნდა ფეშენებელური, სასახლეების, მოგვიანებით კი ეკლესიების მსგავსი საფლავები, თეთრი და შავი მარმარილოს ქანდაკებები, ბიუსტები, ძეგლებიც კი...
"აფხაზეთის ხმა" ამ ფოტოალბომში წარმოგიდგენთ ქართველი და არაქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საფლავებს. ეს ის კასტა იყო, რომელთა საფლავის მოწყობაზე, ზოგჯერ, აზრსაც კი არ ეკითხებოდნენ ოჯახის წევრებს და საფლავებს "ობშიაკის" ფულით, ვინმე ახირებული არქიტექტორის გემოვნების მიხედვით აწყობდნენ, რომელიც ე.წ. ქურდულ ტრადიციებს ითვალისწინებდა.
შედეგად, ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში, ერევანში, ბაქოში, რუსეთის ქალაქებშიც გაჩნდა აკადემიურ სტილში დამზადებული "კანონიერი ქურდების" ქანდაკებები მათ საფლავებზე, ზოგან კი მათი ხსოვნა გაჯერდა ქრისტეს ჯვარცმით, საფლავთან ნაღვლიანად ჩამომჯდარი მფარველი ანგელოზით თუ ღვთისმშობლის გამოსახულებით, ხოლო, მაგალითად, ბაქოში არის ძეგლი, რომელზე გამოსახული პირიც დღემდე არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე ჰეიდარ ალიევი...
ზოგან, ძირითადად, სლავი "ავტორიტეტები", რომლებიც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გარდაიცვალნენ, შედარებით სადა საფლავებით გამოირჩევიან. აქ შეხვდებით ვასია კორჟის, ვასია ბრილიანტის, მაცის, დუდუკას, სემირაბადელის, სხვა, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების საფლავებს.