
შეუძლებელია, იყო 1989 წლის 9 აპრილის თანამედროვე და არ გახსოვდეს ეს ფოტო... მასზე გამოსახულ მარი (ნანა) მახარაძეზე კი ცოტამ თუ იცის რამე. მარი "ფეისბუქზეცაა" რეგისტრირებული. ის ახლა იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს:
მარი (ნანა) მახარაძე: ,,ხშირად მეკითხებიან იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტოს შესახებ. უამრავი ადამიანი ეძებდა ამ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, თუმცა არ გამჩენია სურვილი, ვინმესთან მეთქვა ამის შესახებ, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს ფოტო მხოლოდ ჩემი არ ყოფილა, ამ ფოტოზე საქართველოს თითოეული ქალბატონი არის გამოსახული, რომლებიც მაშინ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
მამიდაჩემი პარტორგანიზაციის მდივანი იყო, რაიკომში ერთ-ერთი დიდი თანამდებობა ეკავა, ჩემი მშობლებიც პარტიულები იყვნენ, ყველა ძალიან ნერვიულობდა, მამიდამ ჩემ გამო საყვედურიც მიიღო პირად საქმეში შეტანით, თუმცა მხოლოდ ის აღელვებდათ, მოწამლული ვიყავი თუ არა. საბედნიეროდ, არა.
ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მის კარზე ვარ ჩამომჯდარი, მე და ჩემი ბიძაშვილი უცებ აწყობილი დროშით მივდივართ რუს-თაველზე, დილის 11 საათი იქნებოდა. მაშინ დიდუბეში ვცხოვრობდით. პლეხანოვზე, კინოსტუდიასთან, იქ მომუშავე ბიჭები იდგნენ, ძალიან გაღიზიანებულები და დაღლილები, გვკითხეს, გოგოებო, სად მიდიხართ, ფრთხილად იყავითო და შემოგვთავაზეს, შემოგიერთდებითო.
მართალი გითხრათ, არც კი ვიცნობდით ამ ბიჭებს, თუმცა ამას მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, ისეთი ერთსულოვნება და თავდადება, ისეთი სიყვარული, როგორიც მაშინ იყო, აღარასოდეს აღარ მიგრძვნია..."
მოგვიანებით, სწორედ ამ ფოტოთი შთაგონებულმა ნოდარ ჯალაღონიამ ლექსიც დაწერა:
"შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
შენ ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში...
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო...
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით ხარ ლამაზი, ამაყი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის,
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.
ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე".