აფხაზურ ფორუმებზე აქტუალურად განიხილება ვერსია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რასაც დაჟინებით მოითხოვდა მისგან მოლაპარაკებაზე მისული სურკოვი, გადადგომა ამჯობინა.
აფხაზი ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და ექსპერტები, სოციალურად აქტიური პირები ფორუმებზე წერენ, რომ ფაქტობრივად, აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ახალი ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები, შესაძლოა, აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ დაემუქროს.
ამ ვარაუდის საფუძველს ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოების ნაწილს ის აძლევს, რომ რუსეთთან ერთ სახელმწიფოში გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, აფხაზეთში დაბრუნდნენ რუსეთში მყოფი ის დევნილებიც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, რის შემდეგაც, შესაძლოა, რეფერენდუმიც მოიგონ და აფხაზეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნონ.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ აფხაზური ფორუმებიდან ექსკლუზიური წყაროებით მოპოვებულ ამონარიდებს, სადაც ზემოთხსენებული და სხვა პოზიციებია მოყვანილი:
„ძალოვან სტურქტურებში მიდის პროპაგანდა იმის შესახებ, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტის დროს „სპრინტერთან“ სურკოვი დაბეჯითებით თხოვდა, რომ მას ხელი მოეწერა რუსეთთან ასოცირების შესახებ დოკუმენტისთვის.
მან კი, თავის მხრივ მტკიცე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მისაღები იქნებოდა გადადგომა, ვიდრე ამ დოკუმენტის ხელმოწერა. გასაგებია, რომ ეს, შესაძლოა, მორიგი ჭორი იყოს, მაგრამ ეს ჭორი თანდათანობით სულ უფრო მტკიცდება და ძალოვნებს, ყველას თუ არა, ზოგიერთს სჯერა“.;
„აი ასეთი ამბებია ქვეყანაში. მუსირებს აზრი, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც გარე ძალები ხელმძღვანელობდნენ და ეს გაკეთდა იმის გამო, რომ ანქვაბმა უარი განაცხადა მოეწერა ხელი რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტისთვის.
რამდენჯერმე ეს ჭორი ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თავად რაულ ხაჯიმბამაც, საჯაროდაც უარყვეს. მე მესმის ყველა ჩემი მეგობრის წუხილი, ვინც ასე არ ფიქრობს. მე ძალიან მაინტერესებს, არსებობს თუ არა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები.
პირადად მე ეს არ შემიძლია დავიჯერო. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ დავკარგავდით დამოუკიდებლობას, რომელიც სისხლის ფასად მოვიპოვეთ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა ახალი ხელისუფლების მისამართით.
იმისთვის, რომ შეწყდეს კამათი ამ საკითხზე, ყველაფერი კარგად და ბოლომდე უნდა გაირკვეს“.;
„2014 წლის 27 მაისს სახლემწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა მოხდა. ხელისუფლების უკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ე.წ. „პასპორტიზაციის საკითხს“ ასახელებენ, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის მოსახლეობისთვის არაკანონიერად პასპორტების დარიგებას (მათ საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ).“;
„დღევანდელმა რეალობამ ნათლად დაგვანახა ოპოზიციონერებს დანაშაულებრივი ავანტურა. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი საქართველოსთან ჩათრევის პროცესი. დავაკარგვინეთ რა, ამ რაიონების მოსახლეობას აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ მივეცით ცხოვრების უფლება (კანონი აფახაზეთის რესპუბლიკის შესახებ. სტატია 3. ცხოვრების უფლება-დოკუმენტი, რომელიც ეძლევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს, აფხაზეთის რესპუბლიკაში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ. მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის, ცხოვრების უფლების მიცემა ამავე დროს წარმოადგენს მისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობასაც) ჩვენ ამავდროულად ვაძლევთ მათ შესაძლებლობას გამარტივებული ფორმით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.
ასეთი კანონი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის, რომლებიც ფლობდნენ რუსულ ენას, ხელმოწერილია პრეზიდენტ პუტინის მიერ და ძალაში მაისში შევიდა. ახალი კანონით, საელჩო, თბილისში დაჩქარებული პროცედურებით, რუსულენოვან ადამიანებს პასპორტებს ურიგებს. ეს კი უმეტესად დევნილები არიან.
ჩვენ, აფხაზები არ ვართ რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი. თუკი ჩვენ ერთიან სახელმწიფოში აღმოვჩნდებით, მაშინ ყველა დევნილი (სოჭიდან, კრასნოდარიდან, მოსკოვიდან), რომელსაც რუსეთის პასპორტები აქვს, აქ დაბრუნდება.
საკმარისია რუსული პასპორტის მქონე 100 ათასი ქართველის დაბრუნება, ამას ემატება 60 000 ე.წ. დევნილი და მათ თავისუფლად შეუძლიათ მოიგონ რეფერენდუმი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნონ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვენ საკუთარი ქონების დაბრუნებას.
აი, აფხაზეთის მომავლი პერსპექტივის ძალიან მარტივი წყობა და რეალური სურათი, რომლისკენაც ოპოზიცია მიდის. აი პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობა და აი, აფხაზი ხალხის ნამდვილი მტრები...“