
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა თხოვნით, რათა ამ უკანასკნელებმა დართონ ნება პროკურორის ოფისს, გამოიძიოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაული.
პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმეზე გამოძიების დაწყება მიზანშეწონილია, ხოლო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე თავდასხმის საქმეზე პროკურორის ოფისი ნაწილობრივ გამოძიებას მიიჩნევს მიზანშეწონილად იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება რუსეთშიც მიმდინარეობს.
"პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა, შესაძლოა, შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ აღნიშნული პირები", - ნათქვამია პროკურორის ოფისის განცხადებაში.
"აფხაზეთის ხმა" წარმოგიდგენთ პროკურორის ოფისის განცხადების ვიდეო (ინგლისურად) და ბეჭდურ (ქართულად) ვარიანტს:
"დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამმხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.
2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში.
პროკურორი თვლის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილიჰქონდა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის,რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა.
არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75 პროცენტით.
პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი.
სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და იქ არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურდა.
ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა.
რადგან არ არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად.
მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით.
მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.
დღეს ქალბატონმა პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას. სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმა აცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიების საწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად.
პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა, შესაძლოა, შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ აღნიშნული პირები".