
„სქაი ბარის“ დირექტორი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიჯეი დაჩი დარჩიასა და მის მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი ბარში მოხდა. - ამის შესახებ ბარის დირექტორმა პორტალ „კვირას“ უთხრა და დეტალები გაიხსენა.
“ღამის 4 საათი იყო დაწყებული, რომ მუშაობა დავამთავრეთ და დაჩი სახლში წავიდა. ავლაბრის მეტროსთან სიგარეტი უყიდია და იქვე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღთან ტაქსის გასაჩერებლად გადავიდა. ამ დროს ვინმე „გიორგი“ მისულა, იქ რა მოხდა, არ ვიცი. დაჩისთვის ზურგის არეში დანა ჩაურტყამს, დაჭრილი ისევ „სქაი ბარისკენ“ წამოვიდა. დაჩის სისხლი სდიოდა.
ჭრილობა ძალიან ღრმა იყო. ის მხოლოდ შველას ითხოვდა. „მიშველეთ, მიშველეთ“, – ამბობდა დაჩი. დაჭრილი მიწისქვეშა გადასასვლელთან ახლოს დავაწვინეთ. სასწრაფო გამოვიძახეთ. საავადმყოფოშიც მე გავყევი, მიყვანიდან 10 წუთში დაიღუპა. ხელებში ჩამაკვდა. როგორც გავიგე, არტერია ჰქონდა გადაჭრილი“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას „სქაი ბარის“ დირექტორმა დავით კვირტიამ.
მისი თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანილი გიორგი ‘სქაი ბარის“ დაცვის თანამშრომელმა დააკავა. როგორც დავით კვირტია ამბობს, იგი გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. მისი თქმით, მკვლელობის ადგილზე ხალხმრავლობა იყო.
„უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ჩემი თვალით ვნახე ვინმე „გიორგი“, რომელიც პოლიციის მანქანაში იჯდა. შემთხვევის ადგილზე დიდი დანა ეგდო. ხალხისგან შევიტყვე, თურმე გიორგი ამბობდა, რომ ტაბლეტები დავლიეო, არ ვიცი, რა ტაბლეტებზეა საუბარი. იქ შეკრებილი ხალხისგან ისიც გავიგე, რომ ამ გიორგის ეს დანა გადაუტეხია და იქვე დაუტოვებია. დღეს დილით კი შევიტყვე, რომ დამნაშავე წარსულში ნასამართლევიც ყოფილა“, – ამბობს დავით კვირტია.
„სქაი ბარის“ დირექტორი კატეგორიულად უარყოფს, ინფორმაციას, თითქოსდა დიჯეისა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი ბარში დაიწყო.
დარჩიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მას გურიაში დღესვე გადაასვენებენ.
35 წლის დაჩი დარჩია წარმოშობით გურიიდან იყო. მას მხოლოდ დედა და და ჰყავს. მამა ადრე გარდაეცვალა. თბილისში კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში დაჩი დარჩია „სქაი ბარში“ დიჯეიდ მუშაობდა.
პორტალი "კვირა"