
28 მაისის ღამეს ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბნის შესასვლელში სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
სამივე გარდაცვლილი ამავე სოფლის მცხოვრებლები არიან, ორი მათგანი გვარად სირბილაძეა, ერთი - ნარიმანაშვილი.
ნარიმანაშვილის ძმა ბექა ნარიმანაშვილი კი მძიმედ დაჭრილი ახალციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
იგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსი დავით კუბლაშვილია. კუბლაშვილი და გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან.
როგორც სოფელში ამბობენ, ამ ოჯახებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო.
მკვლელობის მიზეზად მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მომხდარი შეკამათება სახელდება.
როგორც მოსახლეობა ამბობს, კამათი დავით კუბლაშვილის ვაჟსა და მის მეგობრებს შორის მოხდა.
კუბლაშვილმა მამას დაურეკა, მან კი ცეცხლსასროლი იარაღი აიღო, ბიჭებს გზაზე დახვდა და ესროლა.
სოფელ ყარათუბანში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. კუბლაშვილების ოჯახი წუხელ გვიან ღამითვე გაიყვანეს სოფლიდან.