
ყოფილი პოლიციელის თქმით, ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი.
„ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო...
ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო.
გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი.
ალანიამ შეაგინა ბუხაიძეს და ცემა დაუწყო. ბუხაიძე ეცა ფეხებში და ეგრევე დააგდო, ჯანზე იყო. მერე ჩვენ მივვარდით ბუხაიძეს და ვცემეთ. ამ ბიჭს გონებაც არ დაუკარგავს. ვინმეს მათი მოკვლა რომ ნდომოდა, ისე გაქრებოდნენ, ცხოვრებაში ვერავინ იპოვიდა.
გიამ ბუხაიძეს რამდენჯერმე ტელეფონი მიანათა სახეში. ცოტა ხანში რაღაც ხმაური მოგვესმა. მოვარდა ღაჭავა, ის მეორე გაიქცა და პანჩურიც ამოვარტყიო. გიამ "გადაუარა", როგორ გაგექცა, ს..რი ხარო.
... ღაჭავას ჰქონდა ტაბელური იარაღი და ბუხაიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა. გიას ვკითხე გაქცეულზე, გავყვე-მეთქი? არა, თუ გაიქცა, გაიქცესო. გიას საერთოდ აერია სამიზნე, ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა.
თუ ვინმე იცემა, ეს ბუხაიძე იყო. ქოქიაშვილმა მხოლოდ თავში წაარტყა მიწაზე დაწოლილ გირგვლიანს, თავი არ აიღოო. გიას და ყველას აქცენტი ბუხაიძეზე გვქონდა.
... მე ოთხი წელი მარწმუნებდნენ, გირგვლიანი ხრამში ჩავარდა, დაისერა და გაიყინაო. ის ფოტოები მეც მაქვს ნანახი. ადამიანს როგორ უნდა მიაყენო ღამის 2 საათზე სიბნელეში ერთი და იმავე ზომის, სიმეტრიული ჭრილობები? ამ დეტალთან დაკავშირებით მეც მიჩნდება კითხვა. აზრზე არ ვარ, როდის რა მოხდა.
მე პირველად ვიყავი იმ ადგილას და ალანია მარწმუნებდა, აქ ჩვენც შემთხვევით მოვხვდითო. მერე გავიგე, რომ ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო, მანამდე ვიღაცები აჰყავდათ იმავე ადგილას და აწამებდნენ.
რა მოხდა „შარდენ-ბარში“, თანდათან ვიგებ. ვიცი, რომ მთვრალმა ტიპმა "გააჯაზა", შეურაცხყოფა მიაყენა მერაბიშვილის ცოლს, რაც ვიღაცას არ ესიამოვნა და ახალაიამ გადაწყვიტა ბიჭების დასჯა.
რად უნდოდა ახალაიას ალანია, როცა გურამ დონაძეც ბარში იყო, დაურეკავდა პატრულს, წაიყვანდნენ პოლიციაში და რაც უნდოდათ, იმას უზამდნენ, მაგრამ ახალაიამ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ყველაზე მაგარია და საქმეს თვითონ მოაგვარებდა.
მან უბრძანა ალანიას, ოქროყანაში აიყვანეთ, სცემეთ, გაატიტვლეთ და ასე დასაჯეთო.
... სიუჟეტი ვნახე, ოქროყანაში მოხდა მკვლელობაო და მაშინვე გიასთან მივედი. მისგან გავიგე ვერსია, რომ გაქცეული გადაიჩეხა და გაიყინა. მაშინ მეგონა, ბუხაიძე მოკვდა. გიამ მითხრა, ის სვანი მოკვდა, მეორეო და დაამატა, რომ გაიქცა, ხევში ჩავარდა და გაიყინაო.
ამ ამბის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, დაიკიდე, სააკაშვილმა იცის, ვანომ იცისო. მერე შემომითვალეს, უნდა ჩაჯდეო. ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი“ - ჰყვება ექსკლუზიურ ინტერვიუში „კვირის პალიტრასთან“ მიხეილ ბიბილურიძე.