
ე.წ. „კორტების სპეცოპერაციია“ საქმეზე დაპატიმრებული პოლიციის ოფიცრები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
"გვინდა, გამოვეხმაუროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით უკანონოდ დაპატიმრებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენი აზრით, მსგავსად ჩვენი საქმისა, აღმოჩნდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი. ვუერთდებით იმ პროტესტს, რომელიც გამოიხატება სამშობლოს კეთილდღეობისა და მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე მდგომი ადამიანების დისკრიმინაციისა და მათი ოჯახების მორალური დისკრედიტაციის საწინააღმდეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოტივი, რომლის მიხედვითაც კორუფციული გარიგება მოხდა კომპანია „სილქნეტის“ კეთილგანწყობის მოპოვებისათვის და მათი ინტერესების დაცვისათვის, დაუსაბუთებელია და ძალიან გავს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ ხელწერას, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს მსჯავრდებულმა გია სოსანაშვილმა ეს დანაშაული ჩაიდინა მხოლოდ იმისათვის, რომ სხვა პოლიციელებისათვის მიენიჭებინა სიამოვნება, რაც, ცხადია, უსაფუძვლო და ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიბრძოდით ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისათვის კრიმინალის წინააღმდეგ და ვემიჯნებით მსგავსი ტიპის დანაშაულების ჩადენას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ „კაბელების საქმეზე“ უსამართლო განაჩენის მსხვერპლ თავდაცვის სამანისტროს ოფიცრებს და მიგვაჩნია, რომ მათი თანაგუნდელებისა და თანამებრძოლების მხრიდან ასეთი თავდადებული მხარდაჭერა და ბრძოლა სამაგალითოა.
ასევე, ჩვენ ვუერთდებით პროტესტს პოლიტიზირებული პროკურატურისა და უსამართლო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ,“-ნათქვამია დაპატიმრებული პოლიციელების განცხადებაში.
შეგახსენებთ, პოლიციის ოფიცერი ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე გასული წლის თებერვალში დააკავეს და 2015 წლის ოქტომბერში 16 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, პოლიტიკურად მოტივირებლია და არ ემყარება მტკიცებულებებს. პოლიციელების საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.