-
2016-01-22 23:20
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ბიძინა კუჭავას ღიად ადანაშაულებს ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობაში. მისი თქმით, მისირელმა ბიძინა კუჭავასთან ან წააგო, ან ისესხა ფული და როცა ფული ვერ დააბრუნა, მას იარაღი მისცა, რითაც შემდგომ მკვლელობა მოხდა მიცკევიჩის ქუჩაზე, ნინუების სახლში.
ფირცხალავას თქმით, მაღალდაძე მოკლულია სპეციფიური იარაღით, რომელიც აჭარიდან გადაიტანეს 2004 წელს მოდულში და ამ იარაღს, რომელიც რუსული წარმოებისაა, ერთი ცალი აკლდა, რომელიც ფირცხალავას თქმით, სოდ-ის მაშინდელმა წარმომადგენელმა კახა მისირელმა კუჭავას მიჰყიდა.
"...2 წლის მერე მოხდა მკვლელობა მიცკევიჩზე. მოკლული იქნენ გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ხელწერა იყო იგივე, ორივეს თავში ჰქონდა ნასროლი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამივე ტყვია, რომელიც ამოღებული იყო მაღალდაძისა და ნინუების სალხიდან ეს არის იდენტური ტყვიები გასროლილი ერთი და იგივე იარაღიდან, ეს იარაღი არის სპეციფიური, რომელიც გრუ-ს გააჩნია. აჭარის რევოლუციის დროს იარაღის გარკვეული რაოდენობა გადმოიტანეს 2004 წელს "მოდულის" შენობაში და ინახებოდა საცავში. აღმოჩნდა, რომ მას ერთი ერთეული აკლდა. ამ პერიოდში კი, როგორც ვიცი, კახა მისირელმა წააგო კუჭავას კაზინოში და ვალის სანაცვლოდ მისირელმა ეს იარაღი მისცა კუჭავას...", - აცხადებს ფირცხალავა.
შეგახსენებთ, კახა მისირელი, რომელიც სოდ-ის უფროსის მოადგილე იყო, 2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად, ე.წ. ხელზე გამაზვისთვის მაშინ ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც დააკავეს.
გოჩა მაღალდაძე, რომელიც აზარტული მოთამაშე იყო და ხშირად სტუმრობდა კაზინოებს, 2007 წელს მცხეთის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, ხოლო ორი წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ნინუები მოკლეს.