რატომ იხსენებდა "ადგილ-ადგილ" ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას

Image

გაზეთი "ქრონიკა პლუს" აქვეყნებს სტატიას, სადაც განხილულია პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ვერსიები. ამასთან, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი დღემდე უცნობ ვერსიებსა და დეტალებზეც წერს. 

 

"...გამოძიების ვერსიით, კუჭავამ, ქირიას მკვლელობის შემდეგ, რუსთავში წაიღო ქირიას მობილური ტელეფონი და იქ ჩართული გადააგდო. სწორედ მობილური იპოვეს პირველად სამართალდამცველებმა, მაგრამ კუჭავას ვარაუდი, რომ ეს გამოძიებას კვალს აურევდა, არ გამართლდა - სამართალდამცველებს რუსთავში არ დაუწყიათ ძებნა - მათ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოაგდეს და ქირიას მანქანას „მიჰყვნენ“.

 

ასე რომ, ის რამდენიმე დღე, რომელიც კუჭავას (იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვერსიის მონაცემებს გავიზიარებთ) სჭირდებოდა ქირიას ცხედრის დასანაწევრებლად და თავიდან მოსაშორებლად, მას სწორედ მობილურის მეშვეობით უნდა მოეგო. სწორედ აქ არის პასუხი იმაზეც, თუ რატომ არ დატოვა კუჭავამ ქვეყანა მკვლელობისთანავე და რატომ დააპირა ეს რამდენიმე დღის შემდეგ: მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, ეგონა, რომ დაკარგულს ძებნას რუსთავში დაუწყებდნენ, ამასობაში კი თვითონ გვამს დაანაწევრებდა და თავიდან მოიშორებდა, კვალის წაშლის შემდეგ კი უპრობლემოდ დატოვებდა ქვეყანას.

 

მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გეგმა ჩავარდა, ხოლო პროკურორის დაკარგვის თემა საყოველთაო განსჯის საგანი გახდა, სავარაუდოდ, კუჭავა შეშინდა და აჩქარდა: ის იქამდეც კი მივიდა, რომ მზად იყო, ქვეყნიდან გასულიყო, ხოლო ცხედარი, რომლის დანაწევრებაც ადვილი არ აღმოჩნდა და ბინიდან გატანა უფრო ძნელი ჩანდა, ბინაშივე დაეტოვებინა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმკვლელობამდე კუჭავა ბინაში აპირებდა მისვლას (გავიხსენოთ ხელთათმანები ჯიბეში), მაგრამ იქ პოლიციელთა სიმრავლე შენიშნა, მიხვდა, რომ გამოძიება სწორ კვალს დაადგა და ნაჩქარევად გადაწყვიტა გაქცევა, მას შემდეგ კი, რაც საპატრულო ეკიპაჟის მიერ მისი მანქანის გაჩერების ნამდვილ მიზეზს მიხვდა, თავი მოიკლა.

 

ყველაფრის შეჯამების შემდეგ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება (ეს და სხვა თეორიები დამყარებულია გამოძიების მიერ ოფიციალურად არსებულ ვერსიასთან და არა აქვს მტკიცებულების ფორმა - ავტ.): როცა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა კუჭავა ელიავას ბაზრობაზე „ტალსა“ და ე.წ. ბალგარკის ხერხს ყიდულობდა, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ქირიას მოკლავდა, მის ცხედარს კი დანაწევრების გზით მოიშორებდა თავიდან. 

 

თავისთავად ჩნდება შეკითხვა: რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე ბიძინა კუჭავა? რატომ გადაწყვიტა ვახტანგ (პაატა) ქირიას მოკვლა, მით უმეტეს, რომ ისინი დეიდაშვილები იყვნენ? გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, პაატა ქირია თავად - ან მარტო, ან კუჭავას თანხლებით მივიდა და რადგან თვითონ მივიდა, მანამდე კი მობილური ტელეფონიც გამორთო, ესე იგი, არც იმას ელოდა, რომ იმ ბინიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა...

 

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, ორივე პიროვნების - პაატა ქირიასა და ბიძინა კუჭავას წარსულს უნდა გადავხედოთ. და რადგან ამ დღეებში მედია მთლიანად გადართულია ბიძინა კუჭავას პერსონასთან დაკავშირებული დეტალების გამოკვლევაზე და არაერთი სკანდალური ფაქტიც გახდა მასზე ცნობილი, ჩვენ ვახტანგ (პაატა) ქირიათი დავიწყოთ.

 

პაატა ქირია წლების წინ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მუშაობდა პროკურატურაში და მაშინაც პროკურორის თანამდებობა ეკავა. ის არ იყო ე.წ. აგრესიულ პროკურორთა შორის, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩეოდა, ვიდრე სხვები და სწორედ ამიტომ, როგორც ზუგდიდში ამბობენ და იხსენებენ, მასთან „მოლაპარაკება არ ჭირდა“ ხოლმე. ეს გახლავთ საფუძველი იმ გავრცელებული ხმებისა, რომ მას მტერი არ ჰყავდა. პაატა ქირია პროკურატურაში ცოტა ხნით მას შემდეგაც დარჩა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, თუმცა, სისტემიდან წასვლის შესახებ მალე განცხადება დაწერა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, პაატა ქირია შევარდნაძის დროინდელ იმ პროკურორთა სიაში მოჰყვა, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ სისტემიდან უხმაუროდ წასვლა შესთავაზა. ამის შემდეგ პაატა ქირია სახელმწიფო ან სამართალდამცველ სტრუქტურებში არ გამოჩენილა 2013 წლამდე. სააკაშვილის დროს სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ კი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა მისი ერთერთი ძმა ბესო - ის იმერეთის რეგიონში საქმიანობდა.

 

2012 წლის არჩევნების შემდეგ ორივე ძმის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილება მოხდა: 2013 წელს ვახტანგ (პაატა) ქირია პროკურატურაში დაბრუნდა და უფროს პროკურორად დაინიშნა, ხოლო მისი ძმა - ბესო ზუგდიდის მე-4 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი გახდა. ის იქ ზუგდიდის ციხის დახურვამდე მუშაობდა.

 

მას შემდეგ, რაც პაატა ქირიას ცხედარი ზუგდიდში ჩაასვენეს, მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებს რომ ერთად და ეფექტურად არ ემუშავათ, ძმის ცხედარს ვერ ჩამოასვენებდა, რადგან მას გააქრობდნენ.

 

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, მისი ცხედარი თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბინაში მიასვენეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები, ბევრისთვის მოულოდნელად, კუჭავას ცხედარზე დაზიანებების არსებობაზე ალაპარაკდნენ და გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. გარდაცვლილის ცოლი მარინა ნიკოლოზაშვილი გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კუჭავას მოეკლა ქირია და შემდეგ თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. მისივე თქმით, დამატებით მედიას მას შემდეგ დაუკავშირდება, რაც ექსპერტის დასკვნა გახდება ცნობილი. კუჭავას ოჯახში ამბობენ, რომ ქირიასთან მას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. ერთერთი ვერსიით,  ქირიას კუჭავას ვალი ჰქონდა და ამ უკანაკნელმა მისი მკვლელობა იმიტომ დაგეგმა, რომ გადახდას არ აპირებდა.

 

მით უმეტეს, კუჭავას თავადაც ბევრი ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი: ცნობილია, რომ ის საკმაოდ აზარტული ადამიანი იყო, თამაშობდა კაზინოებში და უფრო ხშირად აგებდა, ვიდრე პირიქით. კუჭავას კაზინოც ჰქონდა და ზოგადად, ბოლო დრომდე ის ფინანსების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.

 

თავდაპირველად, პაატა ქირიას გაუჩინერაბისთანავე, ერთერთ ვერსიად ისიც დასახელდა, რომ ის ე.წ. „სამეგრელოს სამალავებისა“ და „კასრების“ საქმეებს იძიებდა და, შესაძლებელია, ეს ანგარიშწორება ყოფილიყო. სხვა ვერსიით, პაატა ქირია ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ დანაშაულებზე მუშაობდა. სინამდვილეში ეს ვერსიები არაფერ შუაში უნდა იყოს - პაატა ქირიასა და მისი დეიდაშვილის ურთიერთშემხებლობა, მათი შეხვედრის ფაქტი იკვეთება.

 

რის დამტკიცებას ცდილობს კუჭავას ოჯახი? რას ნიშნავს მათი განცხადებები გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებების არსებობის შესახებ? რატომ მიანიშნებენ ისინი, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და რომ კუჭავა მოკლეს? რატომ ამტკიცებენ ხელაღებით, რომ პაატა ქირია ბიძინა კუჭავას არ მოუკლავს?

 

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა კუჭავა იშვიათად ჩნდებოდა მედიის ფურცლებზე, ის საკმაოდ საინტერესო წარსულის პიროვნებაა. ტვ „საქართველოს ხმა“ მან 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დააფუძნა. ამ რადიო და ტელეკომპანიას საკმაოდ კარგი რეიტინგიც ჰქონდა. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ გიგი უგულავამ ჟურნალისტის რანგში მუშაობა სწორედ ამ ტელეკომპანიაში დაიწყო. მოგვიანებით კუჭავა „იბერვიზიის“ პროექტშიც ფიგურირებდა.

 

ბოლო დღეებში ამოტივტივდა ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა კუჭავას ბიძინა ივანიშვილიც იცნობდა. საუბარია 2013 წელს, პრემიერმინისტრის რანგში ივანიშვილის მიერ ცატარებულ ბრიფინგზე, რომელსაც ტელევიზიებისა და რადიოების ხელმძღვანელები ესწრებოდანენ. ამ ბრიფინგზე ბიძინა კუჭავამ შეკითხვა დაუსვა ივანიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელს, ბრიფინგის მოდერატორის მიერ კუჭავას წარდგენის შემდეგ გაახსენდა, რომ მას შეხვედრია:

 

„თქვენ ის ბიძინა ხართ, ჩემთან რომ იყავით მოსული?“ - ჰკითხა მან კუჭავას, ხოლო დადასტურების შემდეგ თავი გააქნია და უთხრა: „თქვენ ძალიან ცუდი როლი ითამაშეთ მაშინ, ძალიან ცუდ თამაშს თამაშობდით, როცა ოპოზიციაში ვიყავი და ჩემთან მოხვედით, შემიძლია საჯაროდაც გაგხსენოთ, მე მქონდა თქვენთან შეხვედრის სურვილი, სხვათა შორის და ადგილ-ადგილ ვიხსენებდი კიდეც თქვენთან შეხვედრას“, - პრემიერი აშკარად განაწყენებული სახით იხსენებდა წარსულს.

 

რა შეხება შეიძლებოდა ჰქონოდა კუჭავას ივანიშვილთან? რატომ მივიდა ის პოლიტიკაში ახალმისულ ოლიგარქთან, რა შესთავაზა მას და რა პასუხი მიიღო მისგან? რასაკვირველია, ეს დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ივანიშვილთან მისულმა კუჭავამ მას თავისი არხის „საქართველოს ხმის“ ყიდვა შესთავაზა, როცა გაიგო, რომ ოლიგარქი ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავდა.

 

მოკლედ, ბიძინა კუჭავამ გადაწყვიტა, ფული გაეკეთებინა და ივანიშვილს მიაკითხა, ჩვენი ინფორმაციით, თანხის ნაწილი მიიღო კიდეც, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და ივანიშვილის ხალხს ტელევიზია არ გადაუფორმა. შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობდა ივანიშვილი, როცა კუჭავას აყვედრიდა, რომ მაშინ ცუდი როლი ითამაშა.

 

სხვათა შორის, ბრიფინგის დასრულების შემდეგ მაშინდელმა პრემიერმა და კუჭავამ ასე, 5-6 წუთი ისაუბრეს კიდეც იქვე, დარბაზში, განცალკევებით, მაგრამ ყველას დასანახად. რაზე შეთანხმდნენ ან შეთანხმდნენ თუ არა საერთოდ, გაურკვეველია.  

 

კუჭავას კრიმინალურ წარსულზე ოფიციალური დოსიე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ვარაუდები და საეჭვო დამთხვევები. აზარტული მოთამაშე, ახალგაზრდა, რომელიც აბაზანაში, საფეთქელში ტყვიით მოკლული იპოვეს, მანამდე უშიშროების ყოფილი ოფიცერი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, რომლებიც საძინებელში, იარაღით მოკლული იპოვეს, უფრო ადრე, ტყეში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი, რომლის მამინაცვალიც იყო ბიძინა კუჭავა - ამ დამიანების სიკვდილში საერთო ხელწერა ამ დღეებში ბევრმა დაინახა.

 

რამდენიმე ვერსიათაგან, რაც პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებით ფიგურირებს, ერთი ასეთიც განიხილება: წლების წინ მომხდარ მკვლელობებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კვალი რამდენჯერმე მივიდა კუჭავასთან, მაგრამ ის მუდამ სუფთად გამოვიდა სიტუაციიდან, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა პაატა ქირიას.

 

მას შემდეგ, რაც პაატა ქირიამ კუჭავასთან, კაზინოში (კუჭავას მეგობრები ამტკიცებენ, რომ ის კაზინის მფლობელიც იყო) დიდი თანხა წააგო, ხოლო კუჭავა მის გადახდას ითხოვდა, ქირიამ სკანდალურ საქმეებზე გაჩუმების სანაცვლოდ ამ თანხის გაქვითვა მოითხოვა. კუჭავამ ის თბილისში, ვაჟაზე მდებარე დაქირავებულ ბინაში მოსალაპარაკებლად დაიბარა, მანამდე კი წინასწარ მოემზადა და როცა ქირია მოვიდა, ის თავიდან მოიშორა.

 

მეორე ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილის სავარაუდო მკვლელობა და არამარტო ზუგდიდის პროკურორთან, ფოთის პროკურორთან და ვიცე-მერთან დაკავშირებული ფაქტებიც მოვლენათა ერთი ჯაჭვია, სადაც საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ფიგურირებს.

 

ამ ვერსიის მიხედვით, პაატა ქირიას თავიდან მოშორება გახდა საჭირო, რადგან მან იცოდა არამარტო კუჭავას წარსულის, არამედ ივანიშვილთან მისი ურთიერთობის დეტალებიც. ქირიას თავიდან მოშორება სწორედ კუჭავას დაევალა და ის თავდაპირველად, თავდაჯერებულად მოქმედებდა - წინასწარ ჩატარებული „მოსამზადებელი“ სამუშაოები სწორედ ამაზე მიანიშნებს. ამ ვერსიის ავტორები ირწმუნებიან, რომ ქირიას თავიდან მოშორების შემდეგ კუჭავას ქვეყნიდან უსაფრთხოდ გაყვანასაც დაჰპირდნენ და სწორედ ამ პროცესში იყო ის, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი მანქანა გააჩერა. ამის შემდეგ ბიძინა კუჭავა მიხვდა, რომ გადააგდეს, და თავი მოიკლა...

 

ბოლოს, კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სტატიაში მოყვანილი თეორიები გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე, ასევე „ქრონიკა+“-ის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერების პრინციპითაა შედგენილი და არ გახლავთ რაიმეს ხელაღებით მტკიცება. სისხლის სამართლის საქმე ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, კუჭავას ოჯახი კი ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რის შემდეგაც დამატებით განცხადებებს გააკეთებს..."

 

გაზეთი "ქრონიკა პლუს"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !