
თელავში, საპატრულო პოლიციის შენობაში, მეთორმეტე ოთახთან, სადაც მოქალაქეთა მისაღებია, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელებს ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან ერთი პოლიციელი დაჭრა, ერთი კი მოკლა.
მოკლული პოლიციელი გელა ლამაზაშვილია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, 19 წლამდე ახალგაზრდაა, რომელიც სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. მან, თავდაპირველად პატრულ პოლიციელ მაია ჯავახიშვილს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ხმაურზე გამოსულ კიდევ ერთ პოლიციელს გელა ლამაზაშვილს ესროლა, რის შემდეგაც მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ლამაზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ჯავახიშვილი კი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილას გაემგზავრა საქართველოს შს მინისტრი. გელა ლამაზაშვილს, რომელიც 19 წლის ახალგაზრდის ტყვიას ემსხვერპლა, პოლიციაში მუშაობის 15 წლის გამოცდილება ჰქონდა.