
22 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა, იგივე „რეზო ჯვარსკი“ დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ნიკოლაევში. ამჟამად მისი დეპორტაციისთვის საბუთებს ამზადებენ.
ქართველ „კანონიერ ქურდს“ ახალი წლის შეხვედრა, სავარაუდოდ, მისივე ნების საწინააღმდეგოდ, სამშობლოში მოუწევს. პოლიციამ გაარკვია, რომ 22 წლის „კანონიერმა ქურდმა“ საზღვარი რუსეთიდან გადმოკვეთა და ის ოდესაში მიემგზავრებოდა, ნიკოლაევში კი ადგილობრივ კრიმინალებთან „კონსულტაციის“ გასავლელად შეჩერდა.
რევაზ უბილავა 2013 წელს, თურქეთში, ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლებმა „მონათლეს“. იმ დროისთვის ის კრიმინალურ სამყაროში ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ იყო.
"რეზო ჯვარსკისთან" ერთად, საქართველოში იძულებით მოუწევს გამომგზავრება ასევე "კანონიერ ქურდს" ილია სამსონიას, რომელიც ყირგიზმა სამართალდამცველებმა ბიშკეკში დააკავეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დააკავეს ქართველი "კანონიერი ქურდი", 38 წლის სერგო ცოცხალაშვილი, იგივე "ზურაბა". ის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
მთავარი ფოტო - რევაზ უბილავა, იგივე "რეზო ჯვარსკი"
შიგთავსის ფოტო - ლაშა ბარათელი და სერგო ცოცხალაშვილი