
ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერმა ქურდმა ბადრი კოღუაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და კრასნოიარსკის სასამართლოს სხდომაზე მიიწვია, სადაც მისი საქმე განიხილება. "კანონიერ ქურდს" სხვა პატიმრის ცემაში ადანაშაულებენ.
ჩანაწერში, რომელიც კრიმინალურმა ავტორიტეტმა მედიელებს ადვოკატის მეშვეობით მიაწოდა, თავად "კანონიერი ქურდი" ამბობს, რომ ის სიმართლეს იტყვის მომხდარი ფაქტის შესახებ. სასამართლო სხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ბადრი კოღუაშვილი წარმოშობით ქუთაისელია და ე.წ. ძველი პლეადის "კანონიერ ქურდებს" წარმოადგენს. "დედ ჰასანის" კლანთან დაპირისპირების გამო ის ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ქვეშ მყოფ კანონიერ ქურდად ითვლებოდა (სიტუაცია, როცა ტიტულოვან კრიმინალს "კოლეგების" ნაწილი "კანონიერ ქურდად" აღიარებს, ნაწილი კი - არა. - რედ.), თუმცა, რუსეთში დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვმა ის და კიდევ რამდენიმე ქუთაისელი "კანონიერი ქურდი", მათ შორის, "ობშიაკის" მითვისებით ბრალდებით ტიტულჩამორთმეული რამაზ ძნელაძე ძველ უფლებებში აღადგინა. კალაშოვის ამ რევერანსმა "დედ ჰასანის" მომხრეების განაწყენება გამოიწვია.
ფოტოზე: მერაბ ბარკალაია, ბადრი კოღუაშვილი, ომარ შარიქაძე, შაქრო კაკაჩია, რეზო ჯიჭონაია და რობერტ კალანდაძე მოსკოვში 1995 წელს, მიხო ცინცაძის იუბილეზე.