
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან 30 ნოემბრის საღამოს გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ნინუას გათავისუფლება პირობით ვადაზე ადრე მოხდა. ადვოკატები ნინუას გათავისუფლებას 2015 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, კომისიის უარის შემდეგ კი მათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 მაისს მიუსაჯა.
ალექსანდრე ნინუა 2013 წლის 12 დეკემბერს დააკავეს, მისივე თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. დაკავებამდე ნინუამ ვიდეომიმართვა ჩაწერა.