
"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 60 წლის ოთარ ს.-ამ, შელაპარაკების შემდეგ ორ თანასუფრელ მამაკაცს თოფიდან ორი ტყვია ესროლა. ორივე თავში დაიჭრა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორის მდგომარეობა მძიმეა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი გაიქცა და, სავარაუდოდ, ტყეს შეაფარა თავი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს ცხელ კვალზე დევნის ოპერაცია.
როგორც თვითმხილველმა "აფხაზეთის ხმას" უთხრა, მამაკაცებს შორის შელაპარაკება მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახელის კნინობით ფორმაში მოხსენიებამ გამოიწვია. შელაპარაკების შემდეგ დაახლოებით სამ კილომეტრში მცხოვრები მამაკაცი ოჯახის უფროსმა შინ გააცილა, რათა ჩხუბისთვის გაერიდებინა. ოთარ ს. სახლში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, სანადირო თოფით დაბრუნდა, რის შემდეგაც ორ მამაკაცს ეზოში დაუდარაჯდა და ორჯერ ესროლა. სროლის დროს ოჯახში სტუმრად მყოფი სხვა პირები არ დაზიანებულან.
თვითმხილველის თქმით, ეჭვმიტანილი ადრე მკვლელობისთვისაა ნასამართლევი. მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე დაუდგენელია.