-
2015-11-22 16:47
შს იმერეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მყოფი შოთა ქემოკლიძე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაკავებულმა მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. სამმართველოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიყვანეს.
როგორც გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, შოთა ქემოკლიძე, რომელიც საკანცელარიო დანის გამო დააკავეს და მისგან, როგორც ადრე ნასამართლევი პირისგან, მძიმე დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, რასაც ვერ მიაღწიეს და დაკავებული სასტიკად სცემეს.
შოთა ქემოკლიძის ძმა, ლევან ქემოკლიძე წერს, რომ სამართალდამცველებმა მისი უდანაშაულო ძმა აიყვანეს და რამდენიმე საქმის „შეტენვას“ ცდილობდნენ. ამასთან, „აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თავდაპირველად ქემოკლიძეს ნარკოტიკების ჩადებას უპირებდნენ, მაგრამ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ არ იყო. დაკავების მიზეზი სტანდარტული საკანცელარიო დანა გახდა, რომელიც პოლიციამ ცივ იარაღად მიიჩნია.
ერთერთი ვერსიით, მძიმედ დაშავებული შოთა ქემოკლიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაკავებულის ძმა წერს, რომ ამ საქმის ასე მიტოვებას არ აპირებს და დახმარებისთვის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს მიმართავს:
"დიახ, შეტენეთ ყველაფერი რასაც ვერ იძიებთ - იმიტომ რომ მან წლების წინ შეცდომა დაუშვა! არასდროს დამიცავს ჩემი ძმა ! თუმცა ახლაა როცა ასეთი სასტიკები ხართ! ასე ცემთ, ჩეხავთ ადამიანს, იმის გამო, რომ მას საკანცელარიო დანა აღმოუჩინეთ... უბრალოდ მოგთხოვთ! ახლაა მეც ვიყიდი საკანცელარიო დანას - რომელიც ხშირად მჭირდება ხოლმე, მოდით, დამაკავეთ! მერე როცა, ამ უსამართლობას შევეწინააღმდეგები - დამარტყით, მცემეთ და მომკალით! იმაზე აღარაფერს ვამბობ - როცა თქვენ მოგინდებათ ადამიანს ,,ძალის''გამოყენებით ტენით მანქანაში და მიგყავთ, აგინებთ - შეაურაცყოფთ და უბრალოდ არ აძლევთ შესაძლებლობას ცხოვრება გააგრძელოს!", - წერს ლევან ქემოკლიძე "ფეისბუქში".
შოთა ქემოკლიძის დაკავებისა და მისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია შსს-ს.