-
2015-11-11 16:16
19 წლის ახალგაზრდა გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში სცემეს, ორი კბილი ჩაუმტვრიეს და შემდეგ დაარიგეს, თუ გკითხეს, უთხარი, რომ კიბეზე წაიქეციო, ხოლო როცა დაზარალებულმა ზარის უფლება ახსენა, ერთ ადგილას მიანიშნეს: "აი, შენი უფლება..." - დაზარალებული ლადი ელიკაშვილი "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას იხსენებს.
ელიკაშვილი საავადმყოფოში ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს: „მას შემდეგ რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.
"29 ოქტომბერს დამაკავეს. პოლიციის შენობის ეზოსთან ვიყავით მე, მამაჩემი, მეგობრები. ჩვენი ერთ–ერთი მეგობარი ჰყავდათ პოლიციის შენობაში. ცოლი მოიყვანა და ამასთან დაკავშირებით. დამირეკა, ფანჯარასთან ვარ, დამენახეო. რამდენიმე მეტრით წინ წავიწიე და ისევ უკან გამოვედი, სადაც ვიდექით. 15–20 წუთის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და მალე ჩამოვაო. შენობაში შემიყვანეს, მეორე სართულზე ავედით. კარი როგორც კი გაიღო, მაშინვე მცემეს";
"მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას პოლიციის უფროსი მის გვარს აგინებდა. „უცენზურო სიტყვებით მაგინებდა, შენი გვარი, შენი ჯიშიო... ჩვენი სოფლიდან ჩემი მოგვარე არის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და პოლიციის უფროსი ცემის დრო დამყვიროდა, ქურდობა გინდათო. სანამ ელიკაშვილები იქნებით, ჩვენი მოსვენება არ იქნებაო.
ცემა რომ დაასრულეს, ვთხოვე, ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ მეთქი. არ მომცეს დარეკვის საშუალება, აი შენი უფლებაო და უხერხულად მიმანიშნა. ამის შემდეგ, შენობის უკანა კარიდან გამიყვანეს, მანქანაში ჩამსვეს და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს“, – ამბობს ლადი ელიკაშვილი.
წყარო