
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ამჯამად სხვა „კოლეგებთან“ კონფლიქტში მყოფი ლაშა შუშანაშვილის საჩივარი, რომელიც საბჭოში ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის წინააღმდეგ შევიდა. განხილვას განმცხადებლები ესწრებოდნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
სადავო გახდა 2015 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებული სტატია “რისთვის იყენებს “ქართული მაფია” საბერძნეთის კრიზისს?″. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ამ მასალაში გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ინფორმაციის გადაცემას მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, და მეოთხე პრინციპი, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
საქმის განხილვა 7 ნოემბერს გაიმართა. სხდომას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები დაესწრნენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დაცული არ იყო პირველი პრინცპი, მესამე და მეოთხე პრინციპები კი დარღვეული არ ყოფილა.
ლაშა შუშანაშვილი, რომელსაც საქართველოში ბრალი აქვს წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, აპროტესტებდა "ქართული მაფიის ბოსის" სტატუსს. ასევე, მისი წარმომადგენლების განცხადებით, სტატიაში მოყვანილია არასწორი ინფორმაცია საბერძნეთში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მკითხველს ლაშა შუშანაშვილზე ნეგატიურ წარმოადგენას უქმნის.
მისი წარმომადგენლების განცხადებით, შუშანაშვილი ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული არასდროს ყოფილა, რაც შეეხება მის კავშირს დანაშაულებრივ სამყაროსთან, შუშანაშვილის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე შუშანაშვილი დააკავა და თვითონ გაასამართლა.
შუშანაშვილი კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ საქმეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 14 წლით პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემოდგომ ინსტანციაში და ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამასთან, შუშანაშვილის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წელს საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, მისი შშმ პირის სტატუსის გათვალისწინებით, შუშანაშვილი ციხიდან გათავისუფლდა.
სინამდვილეში, ლაშა შუშანაშვილისთვის სხვადასხვა დროს წარდგენილი ბრალდებებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებაც ფიგურირებს. ასე მაგალითად, 2010 წელს, ბარსელონაში დაკავების დროს მას სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ერთად იარაღისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.
ეს შემთხვევა არაა პირველი, როცა „ეთიკის ქარტიის საბჭომ“ დასაშვებად მიიჩნია „კანონიერი ქურდის“ წარმომადგენელთა პრეტენზიები ჟურნალისტის მიმართ. მაგალითად, 2010 წლის ნოემბერში ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო მოქალაქე ირინა ასათიანის საჩივარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის პაატა იაკობაშვილისა და გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტის, ჟანა ასანიძის წინააღმდეგ.
მაშინ დავის საგანი გახდა პაატა იაკობაშვილის სიუჟეტი - ე.წ. კანონიერ ქურდებზე გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში 2013 წლის 22 დეკემბერს გავიდა, პროფესიით ჟურნალისტი ჟანა ასანიძე კი მისი რესპონდენტი იყო.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მომზადებული სიუჟეტი არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპს და ლახავდა მისი ქმრის, პატიმრ ტარიელ ფოცხვერიას პირად და სამოქალაქო უფლებებს. მოსარჩელის უფლებებს იურისტი ლია მუხაშავრია იცავდა.
განცხადებაში, რომელიც 17 თებერვლით თარიღდება, ადვოკატი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში მონაცემები განზრახ გაყალბებულია, რითაც ჟურნალისტი ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი განწყობა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ტარიელ ფოცხვერიაზე.