-
2015-11-04 21:41
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა და სავარაუდოდ, დღეს აღნიშნულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
2 ნოემბრის პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ამ საქმეში არის უდანაშაულო.
როგორც სოსანაშვილმა განაცხადა, დაკითხვისას მასზე ზეწოლა განხორციელდა და მას სთხოვდნენ ეთქვა, რომ ეს მკვლელობა მას ირაკლი ფირცხალავამ დაავალა.
„პროკურატურაში 12 საათის განმავლობაში მკითხავდნენ. მითხრეს, რომ ფალიაზე აღმოჩენილი დნმ მე მეკუთვნოდა. შენ მოკალიო. მე ვუთხარი, რომ არ ჩამიდენია ეს დანაშაული-თქო. სადაც გინდა იქ იჩევლეო, უკვე არაფერი გეშველებაო. თავიდან ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა. რამდენიმე საათში შემოვიდა პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.
იგივე მითხრა. გამომძიებელი მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ვითომ ირაკლი ფირცხალავამ დაგავალა, თქვიო. შენ რამდენიმე წელს მოგისჯიო. სამაგიეროდ, შენი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილიო. ამაზე არ დავთანხმდი. ირაკლი ფირცხალავას „ფეისბუქით“ ვიცნობდი. როგორ დამებრალებინა დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია“, - განაცხადა გია სოსანაშვილმა.
ბრალდებულისვე თქმით, იური ვაზაგაშვილთან მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ის მხოლოდ ორ-სამჯერ ჰყავდა ნანახი.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე, მიმდინარე წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ყოფილი პოლიციელი, გია სოსანაშვილია დაკავებული. სოსანაშვილს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 17 აპრილს დაუმძიმდა, ბრალდებულს თავდაპირველად, ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა.
22 ინვისს კი სოსანაშვილის ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ გია სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.
"ინფო 9"