
"რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ და როდის ჩამოხვედით რუსეთში? გაქვთ თუ არა ვიზა და რა იყო თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი? ხართ თუ არა "კანონიერი ქურდი?" -
რუსი სამართალდამცველების მიერ ვიდეოკამერის წინ დასმულ ამ შეკითხვებს ეთნიკურად ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით გერლიანი, იგივე "დათო სვანი" არცთუ ირონიის გარეშე პასუხობს. ის ამბობს, რომ რუსეთში იმიტომ ჩავიდა, რომ ეს ქვეყანა უყვარს, ხოლო თავის სტატუსს ადასტურებს და ამბობს, რომ "კანონიერი ქურდია".
შეგახსენებთ, დავით გერლიანი რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში დააკავეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების საკანში გადაიყვანეს. იგეგმება მისი დეპორტაცია საქართველოში, სადაც, მოქმედი კანონმდებლობით, ის უნდა დააკავონ.