
„საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ეროვნული და უცხოური ვალუტა, საერთო ჯამში, დაახლოებით ათ მილიონ ლარამდე გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთ ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან მას შემდეგ, რაც ინკასაციის მანქანა ჯერ რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი ის მიტოვებული, ჩუღურეთის რაიონში იპოვეს.
ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჟურნალისტი გურამ დონაძე ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ მომხდარის ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ მომხდარა, „აფხაზეთის ხმამ“ საკუთარი წყაროებით გადაამოწმა ინფორმაცია და დადასტურდა, რომ ინკასაციის მანქანა, რითაც „საქართველოს ბანკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალიდან თანხა გაიტანეს, ძარცვის ობიექტი გახდა, ხოლო ინკასატორები, სავარაუდოდ, მიიმალნენ.
გურამ დონაძე არ გამორიცხავს, რომ ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე წინასწარი შეთანხმების შედეგად, ფულით სავსე ხელჩანთებით დატვირთული პირები კონტროლის გარეშე გაატარეს. ამ დროისთვის მისთვის ცნობილია, რომ ერთერთი ინკასატორი, რომელსაც ვერ პოულობენ, ცვლის უფროსია და მან თანამზრახველებთან ერთად საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.
მისი ვერსიით, ინკასაციის მანქანა ბანკის საცავიდან გატანილი ფულის კუპიურებით დაიტვირთა, ადგილიდან გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მანქანა რადარებიდან გაქრა, ხოლო ინკასაციის ცვლის უფროსმა და მისმა სავარაუდო ხელშემწყობებმა მანქანა აღმაშენებლის გამზირთან მიატოვეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც "საქართველოს ბანკმა" რადარებიდან მანქანის გაქრობის შესახებ შსს-ს შეატყობინა და მანქანა ძებნაზე გადასცეს.
ოფიციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, 27 ოქტომბერს, დილის საათებში გავრცელდება. სისხლის სამართლის საქმე, ჩვენი ინფორმაციით, ქურდობის მუხლით არის აღძრული.