-
2015-10-13 23:57
რუსეთში სლავური წარმოშობის "კანონიერ ქურდებს" შორის აშკარა ომი დაიწყო, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ დაპირისპირებაში კი, ზოგჯერ მიზანმიმართულად, ზოგჯერ კი უნებურად, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის "ქურდებიც" ერთვებიან. რასაკვირველია, არავისთვის იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ამ "ჩართულებს" შორის ქართველებიც არიან.
მაგალითად, "როსბალტზე" დაყრდნობით "პრაიმ კრაიმი" წერს, რომ სერიოზულ სტადიაშია დაპირისპირება სლავური "ქურდული სამყაროს" ორ "გენერალს" - ოლეგ პლოტნიკოვსა ("პლოტნიკი") და ვლადიმირ ბარკალოვს ("ბლონდინს") შორის. კონფლიქტი ამ კრიმინალ მეტრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც "ბლონდინის" ხალხმა "გადაუარა" ბიზნესმენს, რომელთანაც "საქმიანი" ურთიერთობა "პლოტნიკს" ჰქონდა, ამის შემდეგ კი "ბლონდინის" რეკეტიორები "პლოტნიკის" ხალხმა სცემა.
ამ ეპიზოდის შემდეგ ორივე "კანონიერი ქურდი" ერთმანეთის მისამართით ხმამაღალ მუქარაზე გადავიდა და რადგან მათი დაპირისპირების შედეგად, შესაძლებელი იყო ხანგრძლივი და უკონტროლო დაპირისპირება დაწყებულიყო, ორივე კრიმინალურ ავტორიტეტთან ახლოს მყოფმა კიდევ ერთმა "კანონიერმა ქურდმა" - ალექსი ზაბავინმა ("ზაბავა"), გადაწყვიტა, ისინი შეეხვედრებინა და სიტუაციის გარკვევაში დახმარებოდა. შეხვედრა კიდევ ერთი ავტორიტეტის იური პიჩუგინის ("პიჩუგა") კოტეჯში დაინიშნა.
მაგრამ კოტეჯში მისულ "პლოტნიკს" არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა: იქ მას კიდევ რამდენიმე "კანონიერი ქურდი", მათ შორის მახარე გვარამია ("მაციკი") დახვდა და "პიჩუგამ" გამოაცხადა, რომ ეს არამხოლოდ "შემრიგებლური შეხვედრა", არამედ "სხოდკა" იყო, სადაც "პლოტნიკის" ტიტულის საკითხი უნდა გარკვეულიყო. კერძოდ, "პიჩუგამ" განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, ქურდული "ობშიაკიდან" 10 მლნ დოლარის არასწორად განკარგვის შესახებ იმ პერიოდში, როცა ის "პლოტნიკს" ებარა. სიტუაციის ასე შემოტრიალება მოულოდნელი აღმოჩნდა "ზაბავასთვის", რომელმაც ნეიტრალიტეტი აირჩია.
საბოლოოდ, ეს შეხვედრაც ისე დასრულდა, როგორც ამ ორ ავტორიტეტს შორის სხვა დანარჩენი შეხვედრები: "ბლონდინი" და "პლოტნიკი" მუშტებით ეკვეთნენ ერთმანეთს. დანარჩენმა ავტორიტეტებმა ისინი გააშველეს, მაგრამ "ზაბავას" გამოკლებით, ყველან გამოუცხადა "პლოტნიკს", რომ მისი ტიტული შეჩერებულია და ელოდებიან ზუსტ ახსნას, სად და როგორ დაიხარჯა ე.წ. საერთოს ფული და მიანიშნეს, რომ თუ ახსნა არ იქნებოდა, მას უფრო მკაცრი სასჯელი ელოდა.
ამ დროისთვის "პლოტნიკი" სასწრაფო წესით ცდილობს, მისი მომხრე "კანონიერი ქურდები" შემოიკრიბოს, "სხოდკა" მოიწვიოს, დაამტკიცოს, რომ "ობშიაკი" არასწორად არ დახარჯულა და ტიტული დაიბრუნოს, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით მაინცდამაინც ნათელი არ არის.
"პრაიმ კრაიმის" მიხედვით. ფოტოზე: ოლეგ პლოტნიკოვი, იგივე "პლოტნიკი"