-
2015-10-10 21:33
ბიზნესმენ თემურ უგულავას ოფიციალური მეუღლე, ბაია დავითაია თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ებანოიძეს კორუფციაში დებს ბრალს.
როგორც სასატუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაიას ადვოკატებმა და არასამთავრობო სექტიორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, მიმდინარე სასამართლო დავა, ცდება საოჯახო დავას, რადგან მათი თქმით იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და ასევე უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს.
შეხვედრაზე გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ლიკა ნადარაიამ მოსამართლე ებანოიძის გადაწყვეტილებას "პატრიარქალური გადაწყვეტილება უწოდა.
"სამართალი უარს ეუბნება ქალს უფლებაზე. ეს არის წმინდა პატრიარქალური გადაწყვეტილება. "მე შენ მოგცემ, მაგრამ ჩემი ნებით. შენ არაფერი არ გეკუთვნის. ალიმენტს მოგცემ, მაგრამ კონტროლს შენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე არავითარი გზით შენს ხელში არ ჩავაგდებ. ეს სამწუხაროა და ეს ხდება საქართველოს სახელით, რომელიც ქალთა წლად აცხადებს 2015 წელს. საქართველო დღეს 86-ე ადგილზე იმყოფება თანასწორობის თვალსაზრისით, რაც ასე ხელს უშლის დემოკრატიას და განვითარებას. საქართველო ქალს ზღუდავს და ამყოფებს მსგავს მდგომარეობაში" - განაცხადა მან.
ბაია დავითაიას ადვოკატის, დავით ერისთავის განცხადებით, სამოქალაქო სასამართლომ უგულავას ოფიციალურ მეუღლის სასარგებლოდ არ დააკმაყოფილა არცერთი მისი სასარჩელო მოთხოვნა.
„მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი არ ეკუთვნის, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო აქედან 8 წლის მანძილზე (ფორმალურად, დღემდე) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თემურ უგულავა გადაიქცა ერთი ყველასათვის უცნობი ბიზნესმენიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად საქართველოში, რომელსაც აქვს უმსხვილესი სათამაშო, სასტუმრო და სხვა ბიზნესები“,- აღნიშნა ერისთავმა.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე გიორგი ებანოიძეს არ დაუსაბუთებია რატომ არ დააკმაყოფილა დავითაიას არცერთი სასარჩელო მოთხოვნა.
„სასამართლოს განჩინებაში 7 პუნქტია, რაზეც მოსამართლე მეუბნება, რომ არ დაკმაყოფილდა. ებანოიძე არ საუბრობს იმაზე თუ რატომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. ვერც ექნება, რადგან კანონი სხვა რამეს ამბობს მოსამართლე კი გვიმტკიცებს სხვა რამეს“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ერისთავის განცხადებით, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბარწილად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა გადაიქცეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პრესკონფერენციაზე მოსამართლის კორუფციულ გარიგებაზეც გამოითქვა ეჭვი. „ დადგინდა ,,აჭარა +“-ის (სასტუმრო ,,Holiday Inn“) საბაზრო ღირებულების 4-ჯერ ზრდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2-ჯერ გადააჭარბა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანიის (,,ქროსვეისის“) შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები დაახლოებით 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ(!) ზრდა.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად მიჩნევაზე. მეტიც, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. როგორც ჩანს, მოსამართლე ებანოიძეს იმდენად გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ მან ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები!
მოსამართლე ებანოიძის მიკერძოება აშკარად იყო გამოკვეთილი სასამართლო პროცესის მსვლელობის ყველა ეტაპზე. ებანოიძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქმისათვის საკვანძო საკითხები როცა ექსპერტიზა ჩვენმა მხარემ თავისი ინიციატივით ჩაატარა, მან მთლიანად უგულებელყო ბაია დავითაიას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა; ებანოიძემ არაერთგზის და სრულიად აბსურდული მიზეზებით უარი განაცხადა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვაზე თემურ უგულავას კომპანიებიდან“ - აღნიშნა გიორგი სარაჯიშვილმა, რომელიც იურიდიულ კომპანია „ბი-ჯი-აი“-ს წარმომადგენელია.
„საქართველოში მართლმსაჯულება არ არის ქალებისთვის...“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის „ - წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ გააკეთა.
„თუ ჩვენ გვინდა რომ სასამართლო ანგარიშვალდებული იყოს ხალხის მიმართ, ის უნდა იცავდეს აბსოლუტურად ყველას“ - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, „სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რათა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ემსჯელა საქმეზე ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში, რითაც მართლმსაჯულებას გახდიდა ქალთათვის ხელმისაწვდომს. ამის მაგივრად სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა, რითაც რისკის წინაშე დააყენა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ფიზიკური და გონებრივი განვითარება“
„სასამართლოს მიდგომით, აუტისტური სპექტრის მქონე შვილის მკურნალობა და მასზე ზრუნვაზე ცხოვრების დიდი დროის დახარჯვა თურმე აბრკოლებს ქორწინების პერიოდში შექმნილი მატრიალური სიკეთის თანასაკუთრებად ქცევას (ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულებს ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ). ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში შეიძლება გამოიხატოს მშობლობის დიდი ტვირთის ნიველირებით და არჩევანის წინაშე დაყენებით - იზრუნოს შვილზე ქალმა თუ შეეცადოს ბავშვის იგნორირების ხარჯზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში“ - აღნიშნა მან.
მოსამართლე გიორგი ებანოიძის მიერ 2015 წლის 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება ბაია დავითაიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.