
როგორც „რენ ტვ“-ს ჟურნალისტმა ჩართვის დროს აღნიშნა, მოსკოვის დანილოვსკის ძველი მონასტრის კედლებს ბევრი რამ გადაუტანია, მაგრამ ისეთი სროლის მოწმე არასდროს ყოფილა, რაც იქ ოთხშაბათს ისმოდა.
„სადოვი კოლცოსთან“ დატრიალებული ურთიერთსროლის შედეგები უკვე ცნობილია: დაკავებულია სამი პირი, მათ შორის ერთი ტაჯიკეთის, ერთი მოლოდვისა და ერთიც - საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ედებათ დიდი რაოდენობით ფულის მითვისებაში ყაჩაღური გზით: მათ თვეებია, პოლიცია უთვალთვალებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამეული ფულის გადამტან კერძო პირებს ესხმოდა თავს.
პაველეცკის ვაგზალთან, შუქნიშანზე გაჩერებული „მერსედესი“, სადაც სამი ეჭვმიტანილი იჯდა, პოლიციის სამიზნე გახდა და მათ მოულოდნელობის ეფექტით დააპირეს სამივე მოქალაქის აყვანა. მაგრამ ეჭვმიტანილება იმარჯვეს, კარები დაბლოკეს და აქსელერატორს დააჭირეს, გაიჭრნენ რა დუბინინსკის ქუჩით, მეტროს სადგურ „ტულსკაიას“ მიმართულებით.
პოლიციამ დევნა დაიწყო და რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლა, თუმცა სალონიდანაც სროლით უპასუხეს. დევნა დანილოვსკის მონასტერთან მდებარე პატარა ჩიხამდე გაგრძელდა, „მერსედესი“ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, იქედან შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ და ვიწრო ქუჩით მიმალვა სცადეს, მაგრამ ეს ქუჩა ჩიხი აღმოჩნდა, რამაც დევნის ბედი ძალოვნების სასარგებლოდ გადაწყვიტა: სამივე ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთი მხარში იყო დაჭრილი.
თვითმხილველთა თქმით, „მერსედესს“ ათამდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მისი საბურავები ჩაიფუშა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილებმა გზა ვეღარ გააგრძელეს. სალონში ორი სტეჩკინის მარკის პისტოლეტი იპოვეს. ურთიერთსროლის დროს შემთხვევითი გამვლელები არ დაზარალებულან.