
მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა და მისი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა 1959 წელს დაბადებული გელა ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
"ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გელა ა. ყაჩაღურად თავს დაესხა მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოთხოვა.
სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა დავით ბ-მ თავდასხმისას გელა ა-ს წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა დავით ბ-ს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად დავით ბ-მ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. დავით ბ. ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით) მიმდინარეობს.