
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ხელყუმბარის ამფეთქ სახელურზე აღმოჩენილი დნმ ნიმუში არ ეკუთვნის შს გენინსპექციის თანამშრომელს, რასაც ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებდა.
„გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის - როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს.
2015 წლის 28 აპრილს, გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის წარმომადგენლის თანდასწრებით საექსპერტო ბიუროში გაიხსნა მთავარ პროკურატურაში მათივე თანდასწრებით დალუქული დნმ-ის ნიმუში და ჩაუტრდა გენეტიკური კვლევა.
ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-პროფილი არ ეკუთვნის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როგორც ამას სოსანაშვილი და მისი ადვოკატი საჯაროდ აცხადებენ და ყველასათვის ნათელია, რომ ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯოგლიძის განცხადებები იყო და არის ტყუილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.