-
2015-04-05 20:32
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დროს პოლიციელმა ეჭვმიტანილი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის გამო გააჩერა.
ამის შესახებ იზორიამ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, თუკი მოქალაქე იქცევა არაადეკვატურად, დაადგინოს მისი ვინაობა, გამოააშკარავოს დამნაშავე:
„რასაკვირველია, წინასწარი ინფორმაცია რომ არსებულიყო, პოლიციელი სხვა ფორმით, სხვანაირად მომზადებული მივიდოდა ეჭვმიტანილთან, აქ მოხდა შეჩერება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე“, - თქვა ლევან იზორიამ.
შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხდა ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის დაკავება ბორჯომში იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ და როგორ მოახერხა ეჭვმიტანილმა, დილითაც გაეხსნა ცეცხლი პოლიციელებისთვის და ისევ გაქცეოდა სამართალდამცველებს, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალ დამნაშავესთან:
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საშიშ, პროფესიონალ დამნაშავესთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა, მე არ მინდა ახლა ყველა დეტალზე ვისაუბრო, ამიტომაც ის სად და როგორ გადაადგილდება, მარტივი დასადგენი არ არის“, - თქვა „იმედის კვირაში“ ლევან იზორიამ.