
27 მარტს თელავთან მომხდარი შემთხვევის შესახებ, რომლის დროსაც თავად სასწაულით გადარჩა დაზიანებას და, შესაძლოა, სიკვდილსაც - მაია თავაძე წერს, რომელიც ჯგუფთან ერთად სასტუმრო „შატო მერეს“ ტერიტორიაზე ვესტერნის სტილის ფოტოსესიის გადასაღებად მიდიოდა.
მაია თავაძე ავტომანქანას თავად მართავდა, ჯგუფის შემადგენლობაში იყო არასრულწლოვანი მოდელი გოგონაც. შემთხვევა, რომელიც მაია თავაძემ აღწერა, სოფელ სასადილოსთან, „იოსებას დუქნის“ წინ მოხდა:
„27 მარტს მე და ჩემი თანამშრომლები თელავში გავემგზავრეთ ფოტოსესიაზე (ვესტერნის სტილის ფოტოსესიას ვგეგმავდით სასტუმრო „შატო-მერეს" ტერიტორიაზე) :მანქანას მე ვმართავდი, ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ: დიზაინერი, ვიდეოოპერატორი, ფოტოგრაფი და არასრულწლოვანი ბავშვი(ფოტომოდელი).
სოფელ სასადილოსთან პატარა დუქანია, სადაც ცოტახნით შევჩერდით, ყველანი გადავიდნენ მანქანიდან, მანქანის კარები ღია დატოვეს, მე კვლავ მანქანაში ვიჯექი რადგან ტელეფონით ვსაუბრობდი და ცოტა ხნით შევყოვნდი...
ამ დროს გავიგონეთ საშინელი ხმა, გეგონებოდა ვიღაცამ ქვა ჩაარტყა მანქანასო.
სინამდვილეში კი გაირკვა, რომ ეს ტყვია იყო, რომელიც რიკოშეტით შემოვარდა მანქანის ღია კარში, დაამსხვრია სიჩქარის კოლოფის გარე პლასტმასები, ხელებს შუა გამიარა და დავარდა ასფალტზე.
ეგეც შენი ვესტერნი. "იოსებას დუქანი" მოვლენების ეპიცენტრი იყო...“
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და კრიმინალისტები, რომლებმაც ტყვიის ტრაექტორია შეისწავლეს. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.