
რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სოჭში მცხოვრები მაღაზიის გამყიდველის ეკატერინე ხარებავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მისთვის 6 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ.
სასამართლომ უცვლელი დატოვა კრასნოდარის საოლქო სასამართლოს განაჩენი და უარი თქვა სააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
გამოძიების ვერსიით, ხარებავამ 2008 წელს სოჭის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შენაერთების გადაადგილება შეამჩნია და ამის თაობაზე საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს შეატყობინა, - განაცხადა ადვოკატმა ლეონიდ ერჩინკომ.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ გადასცა რა ინფორმაცია ქართულ მხარეს, ეკატერინე ხარებავამ იმოქმედა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არა აქვს სამხედრო საქმესთან ან საიდუმლო საქმიანობასთან და ის უბრალო მოვაჭრეა სოჭის ბაზარში.
2013 წელს ხარებავას ბრალი ჯაშუშობისთვის წაუყენეს. 2013 წლის მაისიდან ის პატიმრობაში იმყოფება.
კრასნოდარის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.