-
2015-03-15 16:00
„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მისი დაპატიმრებისა და ლადო სადღობელაშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ყვება.
კახა კუკავას თქმით, საპატრულო პოლიციის შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული ლადო სადღობელაშვილი მისგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ბორკილების გარეშე დასეირნობდა.
სადღობელაშვილი მასთან მივიდა და პროვოკაცია მოუწყო.
„მისი პროვოკაცია ჩემთან კონტაქტში შემოსვლა იყო. როდესაც ადამიანი წინა დღეებში დედას გაგინებს საჯაროდ და მეორე დღეს შენთან საუბარს იწყებს, ლოგიკურია, რომ ეს საუბარი კარგი არაფრით დამთავრდება.
თავიდან ჩვეულებრივად კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. შემდეგ ეს სხვა რამეში გადაიზარდა. ის რომ მაგინებდა, მე გულგრილი ვერ დავუწყებდი ყურებას. იყო მცირე შეხლა-შემოხლაც", - ამბობს კუკავა.
მისი თქმით, სადღობელაშვილი მათ მიმართ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მისმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მოაწყო.
„ამ პერიოდიდან დაიწყო სადღობელაშვილმა ჩემი მისამართით უშვერი ლანძღვა-გინება. ჩვენ პრეტენზიები წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს, მის მაგივრად კი ლადო სადღობელაშვილი გამოხტა და ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყო. ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ სადღობელაშვილი არის სუს-ის აგენტი. რა თქმა უნდა, შსს-ს და ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს ლადო სადღობელაშვილიც და მთლიანად "თავისუფალი თაობა"...
რაც მოხდა, ეს ტრაგიკულ ფაქტად ნამდვილად არ მიმაჩნია. ქვეყანაში გაცილებით დიდი უბედურებები ხდება, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს იმ ტენდენციას, როდესაც მთავრობა და სპეცსამსახურები ქმნიან ასეთ ზონდერჯგუფებს და ამ გზით ცდილობენ ოპონენტებთან ბრძოლას“, - აცხადებს კუკავა.
მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ყვება ლადო სადღობელაშვილი.
„ერთ-ერთ აქციაზე „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირების გამო დამაკავეს. მთელი დღის მშიერ-მწყურვალი ვიყავი. პოლიციელებს ვთხოვე, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე საშუალება მოეცათ, რამე შემეჭამა. პოლიციის შენობაში ვიყიდე "კოკა-კოლა" და შოკოლადი. ამ დროს ერთი ხელიდან ხელბორკილი მომხსნეს და მხოლოდ ცალ ხელზე მეკიდა.
ამ დროს დავინახე კუკავა. მე მას მივესალმე. ისიც მომესალმა. შემდეგ ჩავიდა კიბეზე და იქიდან გამომიწვია - აი, ხომ დაგინახე, პოლიციელებთან თანამშრომლობო, თუ რაღაც მსგავსი მითხრა. მეც ვუპასუხე და ამის მერე დაიწყო ჩვენ შორის სიტყვიერი დაპირისპირება. სიტუაცია პატრულმა ადეკვატურად შეაფასა და მას დააკისრა ხულიგნობის სასჯელი", - ამბობს სადღობელაშვილი.
„ალბათ ის აღარ ახსოვს, რომ სიგარეტი ვესროლე შუბლში და კიდევ მეტს იმსახურებდა. "კოკა-კოლას“ ბოთლიც ვესროლე, მაგრამ ბოთლი, სამწუხაროდ, ასცდა. სიგარეტი კი შუბლში, პირდაპირ თვალებს შორის მოხვდა.
სუს-ის აგენტი როგორ უნდა ვიყო? პოლიციასთან რომ ვთანამშრომლობდე, არც პატრული დამიჭერდა და ჩემს თავს "ზონელებსაც" არ აცემინებდა. არც ამდენი ჯარიმები მექნებოდა და არც კაპეზეზე გათენებული ღამეები.
პატრულის თანამშრომლებისგან გავიგე, თურმე არაფხიზელ მდგომარეობაში დაძრწის მანქანით, ჩხუბები და მთელი ამბები აქვთ პატრულთან. მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული სიმთვრალის გამო და ამიტომ იყო მისული პოლიციაში, რომ ამნისტიას ითხოვდა.
საერთოდ რა უნდა ვილაპარაკო მასზე, რომელმაც არჩევნებზე 1% რომ აიღო, თქვა - მივდივარ პოლიტიკიდანო. მას დაუსვით კითხვა, არის თუ არა სიტყვის კაცი საერთოდ, რომ საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა მაინც შეესრულებინა", - აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.
„რეზონანსი“