-
2015-03-02 05:55
ახალი აუდიოჩანაწერი, რომლის გამოქვეყნებას გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოცემის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აანონსებს, ე.წ. სერგო თეთრაძის საქმის აქამდე უცნობ, სკანდალურ დეტალებს შეიცავს.
ამის თაობაზე ელისო კილაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა და დასძინა, რომ აუდიოჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ შოკშია. აუდიოჩანაწერი, მისი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნისა და ჩაწერის დროს გლდანის ციხეში მყოფი პატიმრის საუბარია.
სავარაუდოდ, ჩანაწერი გაკეთებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წელს, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანი პატიმარს ირაკლი ღარიბაშვილის სახელით ელაპარაკება. ღარიბაშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
როგორც ირკვევა, პატიმარი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სერგო თეთრაძის საქმეზე ჩვენებას ვერ მისცემს, რადგან ის იქ საერთოდ არ ყოფილა, ამასთან, დეტალურად ჰყვება ფაქტებს და ასახელებს პირებსაც, ვინც სერგო თეთრაძის დაკავებაში მონაწილეობდნენ.
ჩანაწერში ფიგურირებს ასევე „ბასტი“, ანუ ბორის ფარულავა, რომელზეც პატიმარი ჰყვება, როგორ აწამებდა ის პატიმრებს ვლადიმირ (ლადო) ბედუკაძესთან ერთად. ჩანაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის სკანდალური ფრაზა სერგო თეთრაძესთან დაკავშირებით, რომელიც ელისო კილაძემ „ფეისბუქზე“ მოიყვანა: „ვერ მოვასწარით - დაიბრიდა...“
სკანდალური ჩანაწერის ბეჭდური ვერსია სამშაბათს, გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდება, ხოლო აუდიოჩანაწერს გაზეთში ექსკლუზიურად გამოქვეყნების შემდეგ თავად ელისო კილაძე ბრიფინგზე ჟურნალისტებს გადასცემს. მისი თქმით, ჩანაწერი თავდაყირა აყენებს სერგო თეთრაძის საქმეს, რომლის გამოძიებაც ხელახლა უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას. ამ ბრალდებით მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა.
აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით".