-
2015-02-25 06:21
მინდია გორაძემ, იგივე "ლავას-ოღლიმ" ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს დაურეკა და დაემუქრა. - ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა, გადაცემა "არჩევანში" ჩართვის დროს განაცხადა და ნომერიც დაასახელა, საიდანაც დაუკავშირდა პირი, რომელიც მინდია გორაძედ გაეცნო და ემუქრებოდა.
ტელეფონის ნომერი, საიდანაც ეკა კვესიტაძის ნომერზე დაირეკა, ასეთია: +372 81 652097.
"იმედია, სათანადო ზომებს მიიღებთ, "ლავას-ოღლის" ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ," - მიმართა კვესიტაძემ შსს-ს.
ეკა კვესიტაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, რომ მას გამოეხმაურა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
"არჩევანში" ჩართვის დროს ამ თემას შეეხო ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ დასადგენია, მართლაც დაურეკა თუ არა ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" ეკა კვესიტაძეს:
"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,"- აცხადებს კახა კალაძე.