-
2015-02-24 15:19
ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის ცენტრში, შუადღისით, ყველას თვალწინ ამავე სოფლის მკვიდრმა თეიმურაზ ქ-მ სანადირო თოფიდან გასროლით 2 კაცი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა.
სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ კონფლიქტი კარგა ხანია მწიფდებოდა.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლელებმა მკვლელი სასტიკად სცემეს.
„მკვლელობა ეჭვიანობის მიზეზით მოხდა, დახოცილები მკვლელს აბრალებდნენ, - შენ ჩვენი რძლის საყვარელი ხარო. ამ დახოცილებიდან ერთი გოგოს მამამთილი იყო და ერთიც ქმრის ბიძაშვილი.
ეს გოგო სახლიდან მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა და 2 შვილი წაიყვანა. ისე, სხვისი ოჯახისას ვინ რას გაიგებს! მაგრამ ხალხი იმასაც ლაპარაკობს, რომ საყვარელი გოგოს კი, არა მის ქმარს ჰყავდა, მეზობელ სოფელშიო! მოკლედ, ჩახლართული ამბავია.
ისე, გოგოს ბევრი აქებს ჩვენ სოფელში და დაჯერება არავის უნდა, რომ საყვარელი გაიჩინა. ჭკვიანი გოგოა, შვილებზე გადაყოლილი. საწყალს ეს რომ გაუგია, საწამლავი დაულევია, - ჩემი მიზეზით რა ამბავი მოხდა, ახლა არავინ დამიჯერებს, რომ არაფერ შუაში ვარო,“ - ამბობს თინათინ გოგნიაშვილი, სოფელ აფენის მცხოვრები.
„ცუდი ამბავი მოხდა ძალიან, ვინც ციხეში წავიდა, ისიც უცოლშვილოა და მოხუცი დედ-მამა დარჩა უპატრონოდ.
ვინც მოკვდა იმათგან ერთიც უშვილძიროდ მოკვდა. თანაც ახლობლები იყვნენ, - მკვლელს მოკლულების ოჯახში გოგო ჰყავს მონათლული და ირწმუნებოდა, - მაგას არ გავაკეთებდი თქვენს რძალს საყვარლად ვერ გავიხდიდი, თუ არ გჯერათ, პოლიციაში ჩემი მობილურის ბარათები წაიღეთ და შეამოწმეთ, ერთხელ თუ მაინც დამირეკავს მაგასთანო, მაგრამ ამის მაგივრად, დაიჭირეს და ისე ურტყა რამდენიმე კაცმა, თავმოყვარე კაცი სირცხვილით გარეთ თავს ვეღარ ჰყოფდა.
ესეც არ აკმარეს და კიდევ სოფლის ბირჟაზე გადაუდგნენ წინ, - გადმოდი მანქანიდან და თავი იმართლეო. გიჟი ხომ არ იყო, რომ კიდევ თავი ეცემინებინა, გააქანა მანქანა, მივიდა სახლში, - ისიც ჩვენ სოფელში ცხოვრობს, გამოიტანა თოფი და დახოცა. გათვლილი ჰქონდა, ვინ უნდა მოეკლა, - ბირჟაზე 5 კაცი იდგა, მაგრამ ვინც ცემა, ისინი დახოცა. ამის მერე თოფი მანქანაში ჩააგდო, წავიდა და საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში.
აი, ეს უბედურება მოხდა, ახლა კიდევ, როგორც გავიგე, გოგოს ეს ამბავი რომ გაუგია, საწამლავი დაულევია… საწყალი, ჩემი აზრით, სრულიად უბრალოები არიან ეგეც და ის საწყალი ბიჭიც, მკვლელად რომ იქცა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა რამაზ ხუციშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
kvirispalitra.ge