-
2015-02-11 14:30
დაჩი დარჩიას დედა, ლილი შეყილაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბარის შიდა ვიდეოჩანაწერები დამონტაჟებულია.
„ბარის შიდა ვიდეოჩანაწერები ვიდეოჩანაწერი დაჩის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ნახეს.
გამორიცხული არ არის, რომ დაამონტაჟეს. ვფიქრობ, გამოსასვლელში კონფლიქტი მოხდა ბარის ადმინისტრაციასა და მკვლელობაში ბრალდებულ გრძელიშვილის თანმხლებ პირს შორის.
შეიძლება იმ კონფლიქტის დროს დაჩიმ შემრიგებლური ტონით რამე თქვა, შეიძლება სულ სხვა საიდუმლო იმალება.
დაჩი რეჟისორი იყო, ბევრ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. შეიძლება უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა, რაღაცას ყური მოჰკრა, რაღაც დაინახა და არ ენდობოდნენ.
თავისთავად ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ მკვლელს მფარველი ჰყავს. ცდილობენ, დაჩის დააბრალონ შეურაცხყოფის მიყენება და მკვლელობის მიზეზი შეთხზან, რომ სანამ გრძელიშვილს პატიმრობაში ყოფნა მოუწევს, ციხეში, მათი კანონებით, ხელშეუხებელი იყოს.
დაჩი პოეტური სულის გახლდათ. ადამიანს სულს ულამაზებდა საკუთარი ლექსით ან მუსიკით. ჩემი შვილი არასოდეს ყოფილა დაინტერესებული ქუჩური ცხოვრებით, ქუჩაში ორი წუთითაც არ ჩერდებოდა. უკონფლიქტო პიროვნება იყო. გრძელიშვილი ადვოკატის ნათქვამს იმეორებს, ადვოკატი მართავს.
გრძელიშვილის თქმით, დაჩიმ მას ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ მოკლა. ეს თუ სიმართლეა, ღამის 3 საათზე ერთ ადგილზე მომლოდინე ადამიანი არ იქნებოდა დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერში. ის დაჩის ელოდებოდა და მკვლელობა განზრახული ჰქონდა.
ადვოკატი ამბობს, რომ ის აფექტში იყო და ჩადენილი საქციელი ინანა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. თუ ინანა, უკან რატომ მიბრუნდებოდა და სასიკვდილო ჭრილობას რატომ მიაყენებდა? გრძელიშვილს არ უნდოდა, რომ დაჩი ცოცხალი დარჩენილიყო. საუბედუროდ, ამას ვერ ვამტკიცებ“, - განაცხადა ლილი შეყილაძემ.
„სარკე“