
ფილმში - „ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“ აღნიშნულია, რომ ყარაფილაში მელაძეების დედის დაკრძალვაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი სამძიმრის სათქმელად აღარ შესულა.
მას ჭირისუფლისთვის სამძიმარი კვირას ჰქონდა ნათქვამი.
ამიტომ ვაზაგაშვილი ეზოში მამაკაცებთან ერთად დადგა, სადაც მას შვილის საქმის გამოძიებაზე ჰკითხეს.
„მან იქ მყოფებს უპასუხა, რომ გამოძიება მალე დამთავრდება. მეზობლებმა შეატყვეს, რომ ვაზაგაშვილი გახარებული იყო და სხვა დროსთან შედარებით, იმედიანად ლაპარაკობდა“, - ნათქვამია ფილმში.
საგამოძიებო ფილმში ასევე აღნიშნულია, რომ გასვენებაზე ხალხი 14:00 საათისთვის იყო მიწვეული, მაგრამ დაკრძალვა დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო.
„მელაძეებთან თბილისიდან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები იყვნენ ჩასულნი, რადგან ორივე ძმა ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. მათ შორის მამუკა მელაძე ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
ორის წუთებზე მელაძეების ეზოში მანანა ვაზაგაშვილი შევიდა და ის ძმას მხოლოდ მიესალმა. გასვენებამდე ადრე იყო და მან იფიქრა, რომ სასაუბროდ დრო კიდევ ჰქონდა. ყველასთვის მოულოდნელად მიცვალებული ადრე გამოასვენეს. დაკრძალვა დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო და ეს სოფლისთვის უცნაური იყო, რადგან ბევრმა დაკრძალვას ვერც მოუსწრო.
იური ვაზაგაშვილი ეზოდან სასწრაფოდ გავიდა და სასაფლაოზე წავიდა. მას წესად ჰქონდა, რომ სასაფლაოზე ასული ყველა პროცესიას შვილის საფლავზე ხვდებოდა“ - აღნიშნულია ფილმში.
ამასთან, ერთ-ერთი ძმა ზაზა მელაძე ფილმში ამბობს, რომ იგი მიცვალებულს დასტიროდა და საათისთვის ყურება არ დაუწყია. „დედაჩემს დავტიროდი. 14:00 საათზე ზუსტად რატომ არ გამოვასვენე, როგორ აგიხსნათ? საათს ხომ არ დავუწყებდი ყურადღებას“, - ამბობს იგი.