-
2015-02-09 23:13
გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სოსანაშვილის საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა.
პირველ რიგში, ირაკლი შოთაძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია, რადგან მთავარი პროკურორის მოადგილემ გია სოსანაშვილი მკვლელად მოიხსენია.
„ამ წუთას არანაირი საფუძველი არ მაქვს რომ არ ვენდო გამოძიებას.
იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაასახელებს დამკვეთს და ჩვენ გავიგებთ დანაშაულის მოტივს, მაგრამ მაქვს შეკითხვები. მინიმუმ ის, რომ როდესაც პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ დაკავებულია მკვლელი, ეს მინიმუმ არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა.
ჩვენ გასული წლის ნოემბერში "თავისუფალი თაობის" წევრმა გიორგი ყუფარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გვითხრა, რომ "სამართალდამცველთა ლიგა" არის "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის საყრდენი და აპირებს გადატრიალებას. მე ახლა ხელთ მაქვს ნიუსი, რომელიც მაშინ გამოქვეყნდა.
ამავე ნიუსში დასახელებულია გია სოსანაშვილის გვარი, რომელიც არის მოქმედი პოლიციელი. მე მაინტერესებს, გენერალური ინსპექციას, ზვიად ჯანყარაშვილს და მის მემკვიდრე ირაკლი სამყურაშვილს ეძინათ? თუ რაშია საქმე. მოქმედი პოლიციელები როგორ ხდებოდნენ "სამართალდამცველთა ლიგის" წევრები, რომელიც აშკარად ოპოზიციური განწობის ორგანიზაციაა.
თავისთავად ცხადია, რომ ის ფაქტი, რომ ეს გვარი გაჟღერდა გასული წლის ნოემბერში და დასახელდა , რომ ის იყო მოქმედი პოლიციელი და ის უკავშირდება "სამართალდამცველთა ლიგას", ეს ყველაფერი ჩემთვის ბადებს კითხვებს. იმედი მაქვს, რომ გამოძების პროცესში ამ შეკითხვეზე იქნება პასუხი გაცემული.
არ ვარ სპეციალისტი და არ შემიძლია ვთქვა, რამდენად დარჩა დნმ-ის კვალი, იზოლენტაზე, რატომ არ მუშაობდა ვთქვათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხელთათმანებით, თუ ის მოქმედი პოლიციელია, რატომ არ მიიღო სიფრთხილის ზომები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის წარსულში პანკისის ხეობაში მუშაობდა, ანუ შეკითხვები ბევრია და გამოძიებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოძებას არ ვენდო. არ მაქვს, თუმცა ყურადღებით დავაკვირდები მოვლენებს და ვისურვებდი, რომ გამოძება გავიდეს დამკვეთზე და ჩვენ დაგვისახელონ გამოძიების მოტივი,"- განაცხადა ელისო კილაძემ.
„პირველი რადიო“