
მას შემდეგ, რაც დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის უწყვეტი კადრები გავრცელდა (ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კადრების დასაწყისი უწყვეტია), ვიდეოპორტალებზე გაჩნდა სასიკვდილო გასროლის გაშიფრული ვიდეოებიც, საიდანაც დეტალები ხდება ცნობილი.
კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციელს იარაღი მაშინ გაუვარდა, როცა მან იარაღიანი მარჯვენა ხელი ან თავად იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა სხვა დაკავებულს. ისმის გასროლის ხმა, სავარაუდოდ, ბუტა რობაქიძის შეყვირება ტყვიის მოხვედრის შემდეგ და ჩანს, როგორ გადავარდა ტყვიის მოხვედრის შემდეგ უკან ბუტა რობაქიძე.
კადრებში ასევე ჩანს, რომ პოლიციელებმა მანქანაში იარაღი მანამდე აღმოაჩინეს, სანამ გაიგებდნენ, რომ ბუტა რობაქიძე დაჭრილი იყო. პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მანქანაში მყოფი პირებიდან ერთი დაჭრილია, სასწრაფო დახმარების გამოძახება იყო, თუმცა, ამ დროისთვის ტყვიის მოხვედრიდან უკვე იმდენი დრო იყო გასული, რომ ბუტა რობაქიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე დღემდე ამტკიცებს, რომ მის შვილს შეგნებულად ესროლეს, მერე კი შემთხვევის ადგილზე სასწრაფო არ მიუშვეს და მანქანაში აიარაღები ჩადეს, რათა ბუტა რობაქიძის სიკვდილი ამით გაემართლებინათ.