
დაზარალებული დავით მანჯავიძე, რომლის ავტომობილის დაზიანებისთვის ზაზა გ. დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში მანჯავიძემ განაცხადა, არასწორია შსს-ს ვერსია, რომ მას დაკავებულის ვალი ჰქონდა და სწორედ ამიტომ დაუწვა მანქანა.
დაზარალებული ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ზაზა გ.-ს ბინაში ქირით ცხოვრობდა.
„შოკში ვარ და ვფიქრობ, რომელ სამყაროში ვარ. არანაირი ვალი და არანაირი კონფლიქტი ამ ადამიანთან არ მქონია.
მე ვიცნობ ამ ახალგაზრდას, რამდენჯერმე ქუჩაში შევხვედრივარ, თუმცა კონფლიქტი არასდროს მქონია. ამით იმ განცხადებების იგნორირება უნდათ, რა განცხადებებიც მე ტელევიზიით გავაკეთე.
მათ უნდათ, რომ თარგამაძე და მანჯავიძე მატყუარები და გიჟები გამოიყვანონ. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბინა მქონდა ნაქირავები, არასწორია.
არანაირი ბინა მისგან არ მიქირავებია. მე ქირით ვცხოვრობ, მაგრამ ბინის პატრონს დაკავებულთან არანაირი ურთიერთობა და შეხება არ აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მე ამ ყველაფერს ჟურნალისტებისგან ვგებულობ და აარა საგამოძიებო ორგანოდან“, - განაცხადა მანჯავიძემ.
შსს-მ მანჯავიძის კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ–ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.დავით მანჯავიძის ავტომობილი 21 იანვარს გვიან ღამით დაწვეს.