
რა მოხდა რეალურად 27 დეკემბერს ღამით ბათუმში, კლუბ „ლეგასში“ და რატომ მოკლა ბრალდებულმა რამაზ დევაძემ პოლიციის თანამშრომელი, ჯერჯერობით უცნობია.
თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე, სამართალდამცავებმა სარფში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს, თუმცა დევაძე საზოგადოებისთვის ამ მკვლელობამდეც იყო ცნობილი.
დევაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძესთან, იგივე „ლავას-ოღლისთან".
გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ როდესაც „ლავას-ოღლი“ კანონის დარღვევით 19 ივნისს, ბათუმში ერთი დღით იმყოფებოდა და მეგობრების წრეში, სასტუმრო "გოლდენ პალასში" ივახშმა, მას ბათუმში სწორედ დევაძე დააცილებდა.
მასთან ერთად "BMW"-ს მარკის ავტომობილში, რომელიც ბათუმის ქუჩებში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, მათი კიდევ ერთ მეგობარი, ფაღავა იჯდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დევაძის სახელი კრიმინალურ წარსულს უკავშირდება. გამოცემა „benewsbatumi“-ის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება საზოგადოებას გასულ ზაფხულს დაამახსოვრდა.
კერძოდ 26 ივნისს, როცა ბათუმის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელს პუშკინის ქუჩაზე სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდეგ კი თავად მინისტრის დავალებით თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული პოლიციელები სასტიკად სცემა.
ორივე საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და აჭარის შსს სამმართველოს უფროსი თამაზაშვილი ჩაერია, რის შემდეგაც 2000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დევაძე გაათავისუფლეს.
„benewsbatumi“-ის ინფორმაციით, რამაზ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა მინდია გორაძემ, იგივე „ლავას-ოღლიმ“, „სპორტსმენ კრიმინალთა“ ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც დანაშაულებებს დევაძის ხელმძღვანელობით ჩადიოდა.
დევაძე და მისი ჯგუფი დღემდე ხელშეუხებლები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი მკვლელობის შემდეგ დევაძე საქართველო თურქეთის საზღვრის ქართველმა მესაზღვრეებმა დაუბრკოლებლად გაატარეს, ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
http://pirveliradio.ge/