
ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვანი გოგონას მიერ მამაკაცის მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
ტელეარხების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კი უამრავი კითხვა გააჩინა:
1. ღამის 3 საათზე რა უნდოდა არასრუწლოვანს ქუჩაში და საერთოდ, სად იყო ამ დროს მისი ოჯახი?
2. როგორ და რა ვითარებაში აღმოჩნდა მის ხელში ცივი იარაღი - დანა?
3. და ასევე მთავარი: ტყუილი აღმოჩნდა ინფორმაცია, თითქოს მკვლელობა ღამის 3 საათზე მოხდა.
გაზეთ „ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ ოჯახებში მიმავალმა ადამიანებმა შენიშნეს „სიკვდილის კიბესთან“ ორი ადამიანი, გაიგონეს გოგონას კივილი და მალევე საკუთარი თვალით იხილეს მამაკაცის სისხლი ასფალტზე...
გამოცემასთან საუბარში სკოლის დირექტორმა, თეონა მაისურაძემ აღნიშნა, რომ მკვლელობაში ბრალდებული სალომე მე-11 კლასის და საერთოდ, სკოლის გამორჩეული და ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლეა.
„სალომეს მამას კარგად ვიცნობ, ის ხშირად მოდიოდა სკოლაში, ვხვდებოდი. ბოლო ხანს გოგონა ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო. ვინც მას იცნობს, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს შემზარავი ამბავი.
სალომეს მამა მკვლელობის მეორე დღესაც მისულა სკოლაში და მასწავლებლებისთვის უცნობებია, რომ გოგონას ჭრილობა და დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ის სკოლაში ვერ მივიდოდა. ამასთანავე, მომხდარის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საეჭვო იყო, საერთოდაც თუ დაუბრუნდებოდა სკოლას!.. “ - განაცხადა დირექტორმა.
როგორც სალომეს დედა ამბობს, მოძალადე 42 წლის ზნედაცემული კაცი ყოფილა, ქირით უცხოვრია, მიცვალებულისთვის თურმე არავის მოუკითხავს.
„არასწორი ინფორმაცია გავიდა ეთერში, ღამის 12 საათიც კი არ იყო, ბავშვი აქვე მობილურ ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად გავაგზავნეთ. როცა შეაგვიანდა, მამამ დაურეკა და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მაშინვე გავედით და ეს შემზარავი სურათი ვნახეთ...
რაც შეეხება დანას, იმ მოძალადეს ჰქონია და გოგონას მოუხერხებია მისი წართმევა, ასე აღმოჩნდა ის ჩემი შვილის ხელში, თუ ვინმე არასწორად შეაფასებს ამ ფაქტს და ჩემი გოგონას წესიერებაში ეჭვს შეიტანს, მის სინდისზე იყოს. გვეყოფა ის, რაც გვჭირს, რაც დაგვემართა და კიდევ ნუ დაგვიმატებენ...
სამი შვილის დედა ვარ და თქვენი თვალით ხედავთ, რა გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება,“ - განაცხადა გოგონას დედამ.
„ოჯახს ბინაც ნაქირავები ჰქონია, არადა ისინი ძირძველი თბილისელები არიან... რაც შეეხება მამას, რომელიც სკოლაში გოგონას ხშირად აკითხავდა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და... უმუშევარი!.", - წერს „კვირის ქრონიკა“.