-
2014-12-22 09:12
ორმხრივი სროლით აღინიშნა გუშინ, ღამის საათებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი ყაჩაღობა. ყაჩაღები, რომლებმაც ოჯახში შეჭრა სცადეს და მამაკაცი, რომელმაც მათ ამის საშუალება არ მისცა, ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესროდნენ.
თვითმხილველი მეზობლების თქმით, რამდენიმე ნიღბიანმა შეიარაღებულმა გ.რ.-ვას სახლში შეჭრა სცადა და ამისთვის დიასახლისის გამოყენება გადაწყვიტა - ისინი ქალბატონს ამოეფარნენ და მისი დახმარებით იმ ოთახში შეჭრა სცადეს, სადაც ოჯახის წევრი მამაკაცი ეზოში დარჩენილ ყაჩაღებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა.
მეზობლები ამბობენ, რომ სროლისა და გინების ხმა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ოჯახში მცხოვრებმა მამაკაცმა ყაჩაღებს შესთავაზა, რომ არ ესროდა, თუკი ისინი სახლს და ეზოს დატოვებდნენ, თან დაამატა, რომ პოლიციამ მომხდარის შესახებ უკვე იცოდა.
ამის შემდეგ ყაჩაღებმა მართლაც გაცლა ამჯობინეს და იქაურობა დატოვეს. ყაჩაღების სამიზნედ ქცეული ოჯახის წევრები ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულან.