
ვარკეთილში მოკლული 19 წლის დათო ხარაზიშვილის მეგობარი, გიორგი ბაბოშვილი ამბობს, რომ დათოს მეგობარმა გოგომ მისწერა ფეისბუქზე, საქმე მაქვს და ჩამოდიო.
„დათო ჩავიდა. შემდეგ სადღაც გავიდნენ მანქანით და ჯავახეთის ქუჩაზე, სხვა მანქანით მივიდნენ ამ გოგოს ბაბუა, მამა და ძმა.
სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრილი გარდაიცვალა", - აღნიშნა გარდაცვლილის მეგობარმა.
„ინტერპრესნიუსთან" საუბარში გარდაცვლილის ბიძამ, გიორგი ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ გოგოს, რომელსაც დათო ხარაზიშვილი შეხვდა, პირადად იცნობდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეს გოგონა გარდაცვლილის შეყვარებული იყო.
„ეს იყო მეგობარი გოგონა. შესაძლოა ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა სტატუსი არ ჰქონდა მათ ურთიერთობას.
სხვა დროს მათ შორის კონფლიქტის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა ბიძამ.
მისივე თქმით, დათო გოგონასთან შესახვედრად დედის ავტომობილით იყო გასული.
„დათოს ამ გოგოს მამა, ბიძა და ძმა ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დაჭრეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, დათო ცდილობდა სახლამდე მოეღწია დაჭრილს, რომ ვინმესთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი, თუმცა შუა გზაზე სისხლისგან დაიცალა.
მანქანის გაღება და გაჩერება მოასწრო. იგი მანქანიდან გადმოვარდნილი აღმოაჩინეს", - აცხადებს გიორგი ელიზბარაშვილი.
ახლობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ არასრულწლოვანი გოგონას მამა. ძმა და ბაბუა კი, ჯერ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.