-
2014-12-18 21:54
გორში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე პროჟექტორების რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლის ბოძზე თვითმკვლელობის მიზნით ასულ მამაკაცთან პოლიციელმა კონტაქტის დამყარება და მისი გადარწმუნება შეძლო.
პოლიციელი მამაკაცს ჯერ მიწიდან ეკონტაქტებოდა, ხოლო შემდეგ ბოძზე აძვრა, თანაც, გზადაგზა ნასვამ მამაკაცს ესაუბრებოდა. პატრულ-პოლიციელმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა 45 წლის, ნასვამი მამაკაცი დაარწმუნა, რომ ბოძიდან უნდა ჩამოსულიყო, შემდეგ კი მასთან ერთად დაშვება დაიწყო, თანაც, სუიციდისკენ მიდრეკილი პირის დასაზღვევადაც დამატებითი ზომები მიიღო.
საბოლოოდ, რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან, პოტენციურ თვითმკვლელთან ერთად ექსტრემალური დაშვება მშვიდობიანად დასრულდა. პოლიციელებმა ნასვამი მამაკაცი სახლამდე მიაცილეს.
იმის შესახებ, რომ მამაკაცი ბოძზე აძვრა და იქედან გადმოხტომას აპირებდა, საპატრულო პოლიციას ტაქსის მძღოლმა შეატყობინა, რომელიც თავად სუიციდის მოსურნე პირმა დაიქირავა, რათა შერჩეულ ადგილამდე მისულიყო.

