
აბასთუმანში, ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის გაქურდვის საქმე უკვე გახსნილია: შსს-მ ქურდობაში ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხანში გაკეთდება. შსს-ს ცნობით, ამოღებულია ნივთმტკიცებები.
შეგახსენებთ, ცნობა იმის შესახებ, რომ ღამის საათებში აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლი გაქურდეს, ექსკლუზიურად "აფხაზეთის ხმამ", ღამის 03:00-ზე გაავრცელა, როცა ქურდობა რამდენიმე საათის მომხდარი იყო.
ქურდებმა ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლში გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს, სადაც ასევე, ყოფილი პრემიერის მოგვარეები ცხოვრობენ, თუმცა, ისინი ვანო მერაბიშვილის ნათესავები არ არიან.
ორივე სახლი გაქურდულია, არცერთ სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლიდან ქურდებმა ტელევიზორი, ჭურჭელი და ალკოჰოლური სასმელების კოლექციის ნაწილი წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს, დაამტვრიეს.
აბასთუმანში შემთხვევის ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი გვიან ღამით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იმყოფებოდა.